ბრიუსელის ტერაქტების ფონზე, აზიის საფონდო ბირჟები დაეცა

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ, აზია-წყნარი ოკეანის საფონდო ბირჟებმა სავაჭრო სესია ვარდნით დაასრულეს.

იაპონური Nikkei 225-ის ინდექსი 0,35%-ით შემცირდა, სამხრეთკორეული Kospi 08%-ით, ავსტრალიის S&P/ASX 200-მა 0,5% დაკარგა, ჰონკონგის სავაჭრო ინდექსმა Hang Seng-მა კი სავაჭრო სესია 0,25%-იანი ვარდნით დახურა. ჩინეთის Shanghai Composite-ის ინდექსი ერთადერთი იყო, რომელმაც 0,35%-იანი ზრდა დააფიქსირა.

დღევანდელი მონაცემებით, დოლართან მიმართებაში გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და  1.4397-დან 1.4220 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, უკავშირდება რეფერენდუმს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ევროკავშირის დატოვების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ევროკავშირში უკონტროლო მიგრაცია, მომავალში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეს გაზრდის და ეს დიდ ბრიტანეთზეც აისახება.

ავსტრალიის Woodside Petroleum-ის აქციები 1,2%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიაში გაურკვეველი ვადით გადაიდო თხევადი გაზის მოპოვების მასშტაბური პროექტის განხორციელება.