სოფელ რუისთან ბაქო-სუფსის მაგისტრალური ნავთობსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის რაიონში, სოფელ რუისთან კომპანია "ბრიტიშ პეტროლიუმ - საქართველოს" წარმომადგენლები ქურდობის შედეგად დაზიანებული ბაქო-სუფსის მაგისტრალური ნავთობსადენის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა. BP-ის საგანგებო ჯგუფები ნავთობსადენის დაზიანებული მონაკვეთიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში შემოწმებას ახორციელებენ. ასევე, გრუნტიდან იმ კუსტარული მილის ამოღება ხდება, რომლის მეშვეობითაც ბრალდებულები მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში ნედლი ნავთობის გადადინებას ახდენდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ ტერიტორიაზე სოფლის დიდი ნაწილი სახნავ-სათეს ფართობებს ფლობს და შესაბამისად, ამ ადგილას ყოველდღიურად გადაადგილდებიან, თუმცა საეჭვო ვითარება არ შეუნიშნავთ. რუისელების განცხადებით, სოფლის მთელ პერიმერტზე, იმ ადგილას, სადაც ბაქო-სუფსის მაგისტრალური ნავთობსადენი გადის, "ბრიტიშ პეტროლიუმის" დაცვის თანამშრომლები ინტენსიურად გადაადგილდებიან, შესაბამისად, ამგვარი მასშტაბური ქურდობის ფაქტი დაცვას არ უნდა გამორჩენოდა.

შემთხვევის ადგილზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი გიზო მანია ვერ აკონკრეტებს რამდენი ხნის განმავლობაში ახდენდნენ ბრალდებული პირები ნედლი ნავთობის უკანონოდ მოპოვებას. ჯერ დაუზუსტებელია როდის დასრულდება შემთხვევის ადგილზე დაზიანებული ნავთობსადენის სრული რეაბილატაცია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური ნავთობსადენიდან დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე დღეს ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ლაშხირიძე და იაგო კახაბრიშვილი, სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ ნავთობსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. ბრალდებულებმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობებით, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილი, შემდგომში დააზიანეს "ბრიტიშ-პეტროლიუმის" საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში. მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ბოსტნეულით ფარავდნენ. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ ქალაქ თბილისში, თავჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში მის გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას ახდენდნენ.