სასამართლო სამეწარმეო სუბიექტების გადახდისუუნარობის საქმეზე განმარტებას აკეთებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სამეწარმეო სუბიექტების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საპროცედურო საკითხებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, სასამართლო სამეწარმეო სუბიექტების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საპროცედურო საკითხებზე გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონი არის სპეციალური კანონი, რომელიც მოვალისა და კრედიტორის ინტერესებს თანაზომიერად იცავს.

"სასამართლო იხილავს ამ კანონით გათვალისწინებულ და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით დაფუძნებულ სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო-არაკომერციული იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს.

სასამართლო გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას იწყებს განმცხადებლის მოთხოვნით. განმცხადებელი (მოვალე, კრედიტორი) თავად განსაზღვრავს, დაიწყოს გადახდისუუნარობის პროცესი თუ გაკოტრება. კანონში ზედმიწევნით განსაზღვრულია ყველა პროცედურა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსამართლე იღებს განცხადებას წარმოებაში, ნიშნავს პირველ კრებას, ნიშნავს მეურვეს, კრებაზევე იხილება კრედიტორების აღიარების საკითხი. გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ინიშნება მომრიგებელი საბჭო, რომელმაც 15 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს გადაწყვეტილება, თუმცა პრაქტიკის თანახმად დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება სამეურვეო ქონების შეფასება და სასამართლო მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებს საპროცესო ვადას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება კრებაზე მონაწილე კრედიტორთა ხმათა უმრავლესობით. სასამართლო კანონის შესაბამისად ხელმძღვანელობს და უძღვება კრედიტორთა კრებას, ვინაიდან კრედიტორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონთან.

სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო სუბიექტებსა და კრედიტორებს შორის არსებული ურთიერთობა გრძელვადიანია და გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან არ ხდება საქმის გაჭიანურება, ვინაიდან პროცედურები კონონის მიერაა გაწერილი და ზედმიწევნით სავალდებულოდაა შესასრულებელი", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.