მდინარე ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს ხიდის სავალ ნაწილზე დამცავი და შემასწორებელი ფენის დემონტაჟი.

"სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე მდ.ჭოროხზე არსებული ხიდი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო კომუნიკაციაა. ის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს და ბათუმს უახლოესი ზღვისპირა სოფლებთან, გონიოს სანაპიროსთან და თურქეთის საზღვართან მიმავალ სხვა დასახლებებთან აკავშირებს.

აღნიშნული ხიდის სიგრძე 473, ხოლო სიგანე 11,5 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია შუალედური ბურჯების გაძლიერება, საყრდენი ნაწილების გამოცვლა, მალის ნაშენის რეაბილიტაცია, სადეფორმაციო ნაკერების, სავალი ნაწილის, დაზიანებული ფილების გამოცვლა და ახალი ტროტუარების მოწყობა. ასევე, მდინარის კალაპოტის ფორმირება, ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამჟამად, მიმდინარეობს ხიდის სავალ ნაწილზე დამცავი და შემასწორებელი ფენის დემონტაჟი", -აცხადებენ გზების დეპარტამენტში და აღნიშნავენ, რომ რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 მილიონ 929 440 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.