„აქსის თაუერსში“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman გაიხსნება

სააქციო საზოგადოება „აქსის თაუერსსმა“ მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელ Pullman Hotels & Resort-სთან ხელშეკრულება გააფორმა. ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონის ძეგლთან მდებარე „აქსის თაუერსის“ შენობაში, 2018 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

კონტინენტური ევროპის, უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor ჯგუფში შემავალი სასტუმრო Pullman-ი, 5 კონტინენტზე, 31 ქვეყანაშია წარმოდგენილი. სასტუმროს 234 ნომერი, ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს. სასტუმროში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.

2006 წელს კომპანია „აქსის დეველოპმენტმა საქართველოში პირველი ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. 2015 წელს კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით პროექტის მშენებლობა განახლდა. „აქსის თაუერსი“ არის პროექტი, რომელიც თანამედროვე, მომავლის თბილისის სახედ შეიძლება იქცეს. კომპანია „აქსისის“ მისიაც სწორედ ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც საქართველოში ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს. „აქსის დეველოპმენტი“ 1998 წელს დაარსდა და უკვე 12 პროექტი განახორციელა.

დღეისათვის „აქსის თაურსში“ მშენებლობის 46%-ია შესრულებული. მშენებლობის საბოლოოდ დასრულება 2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

კომპანია „აქსის დეველოპმენტის“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის თქმით, „აქსის თაუერსი“ ჭავჭავაძის გამზირის საქმიანი ცხოვრების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს შეუწყობს ხელს. ასევე მოახდენს ტურისტული ზონის გაფართოვებას, ძველი თბილისიდან ვაკის მიმართულებით. ისეთი ცნობილი ბრენდ სასტუმროს არსებობა კი, როგორიც არის სასტუმრო Pullman-ი, კიდევ უფრო მნიშველოვანს გახდის ამ ადგილს დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და ჩამოსული სტუმრებისათვის.

სასტუმრო Pullman-ის გარდა „აქსის თაუერსში“განთავსდება საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები. მასში იფუნქციონირებს ფიტნეს და სპა ცენტრი, 25 მეტრი სიგრძის აუზი მოძრავი სახურავითა და ღია ტერასით, ასევე 12-მდე პრემიუმ კლასის კაფე-რესტორანი. შენობის ბოლო სართულზე განთავსდება „სქაი ბარი“. 2500 კვ.მ დაეთმობა დასასვენებელ და სარეკრეაციო ზონას. შეიქმნება საჯარო სივრცე, საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს და მას სრულიად ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შესძენს.

(R)