№6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა ბაღის ყოფილი დირექტორის გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე №6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა დღეს ბაღის ყოფილი დირექტორის თამარ ბაქრაძის გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს.

რამდენიმე მშობელი დღეს ბაღის ეზოში შეიკრიბა. ისინი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გათავისუფლებული დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ. მშობლების განცხადებით, მათთვის მიუღებელია ის დასკვნა, რომლის საფუძველზეც თამარ ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბაღის აღსაზრდელის მშობლის სოფო ხაჭაპურიძის თქმით, როდესაც მათ შეიტყვეს დირექტორის გათავისუფლების შესახებ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას შეხვდნენ.

"თორდინავამ ჩვენ განგვიცხადა, რომ თამარ ბაქრაძე თანამდებობიდან აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. მან ჩვენ გვითხრა, რომ თუ სასამართლოში გავაგრძელებდით ბრძოლას, ამაში ხელს არ შეგვიშლიდა. ჩვენ თორდინავას ნეიტრალიტეტმა გაგვაკვირვა, რადგან თამარ ბაქრაძე კარგი სპეციალისტია და მისი დაცვის სურვილი ჩვენ ვერ დავინახეთ", - განაცხადა სოფო ხაჭაპურიძემ.

როგორც მშობლები აცხადებენ, თამარ ბაქრაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელდა ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორის კვალიფიკაციასთან შეუსაბამობა და ბაღის კვებისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. მშობლები აცხადებენ, რომ ამ სიტუაციას არ შეეგუებიან. მედიის წარმომადგენლებს დღეს საშუალება ჰქონდათ ბაგა-ბაღში შესულიყვნენ და ადგილზე ენახათ იქ არსებული სიტუაცია. ბაღს გააჩნია სპეციალური საბავშვო ბიბლიოთეკა, ჰყავს ლოგოპედი და ახორციელებს ინკლუზიურ განათლებას.

მშობლების თქმით, თამარ ბაქრაძე ამ თანამდებობას 2007 წლიდან იკავებდა.