დიმიტრი ქუმსიშვილი - "სტარტაპების" დაფინანსების ინსტიტუტისთვის 30-დან 35 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული

"სტარტაპების" დაფინანსების ინსტიტუტისთვის 30-დან 35 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომელიც თბილისსა და რეგიონებზე იქნება გადანაწილებული , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოლოგიურ პარკში განაცხადა, სადაც განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, განათლების სამინისტრომ ახალი მიმართულება წარმოადგინა, კერძოდ, ეს არის კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულება პროფესიული განათლების ნაწილში, სადაც ადამიანები დაეუფლებიან პროფესიებს, რომლებიც ბიზნესის ნაწილში მოთხოვნადია და შესაბამისად, მათი დასაქმების მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იქნება.

"დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა, ეკონომიკის სამინისტრომ. უახლოეს დღეებში მთავრობაზე აღნიშნული დადგენილება იქნება გატანილი და შემდგომში ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება. დღეის მდგომარეობით, რაც ჩვენ ზუსტად ვიცით, განსაზღვრულია ფონდი, ეს არის 30-დან 35 მილიონ ლარამდე, რომელიც გადანაწილებული იქნება თბილისსა და რეგიონებზე. როგორც აღინიშნა, დაწყებით ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, კომერციული ბანკებიდან უზრუნველყოფის გარეშე აიღონ სესხების იდეის მდგრადობის გადამოწმების შემდეგ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, "სტარტაპების" დაფინანსების ინსტიტუტი არ არის მხოლოდ სტუდენტებზე ორინეტირებული, არამედ ამ წუთის მდგომარეობით ის მიმართული იქნება დაწყებით ბიზნესზე, სადაც ახალგაზრდებს პრეფერენციები ექნება.