რატომ არ აისახა ხორბლის გაიაფება პურის ფასზე

მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ტომარა ფქვილის ფასი 8-9 ლარით შემცირდა, რაც მეტწილად მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის საერთაშორისო ფასების კლებითაა გამოწვეული.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ქეყანაში ახლა პური საშუალოდ, 5 თეთრით იაფი უნდა ღირდეს, თუმცა ხორბლის გაიაფებას პურის გაიაფება არ მოჰყვა. რატომ არ აისახა ფქვილის ფასის კლება პურის ღირებულებაზე. ამის შესახებ რადიო ,,პალიტრის” გადაცემა ,,საქმეში” ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ და პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ ისაუბრეს.

ლევან სილაგავას თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა წისქვილკომბინატებს საშუალება მისცა, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი, რომლისგანაც პური ცხვება, 44 ლარიდან 36 ლარამდე შემცირებულიყო. მისივე ვარაუდით, ფქვილის ღირებულების 20%-იანი შემცირება მცირედით მაინც უნდა ასახულიყო პურის ფასზე, რაც არ მოხდა და დღეს არსებული პურის ღირებულება არ შეესაბამება საბაზრო ფასს.

თავის მხრივ, პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ბოლო ათი წლის განმავლობაში ვერ იხსენებს შემთხვევას, როცა პურის ფასის კორექტირება მოხდა და აცხადებს, რომ მეპურეებს ფასების შენარჩუნება ზოგჯერ გაკოტრების ფასადაც უჯდებოდათ.

,,პურის ფასი ბოლო წლებში არც შემცირებულა და არც მომატებულა. სოციალურის გარდა, პური პოლიტიკური პროდუქტიცაა. მაშინ, როცა ფქვილის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, წინა ხელისუფლებამ დაიბარა მეპურეები და მკაცრად გააფრთხილა, რომ პურის ფასზე ეს არ ასახულიყო. მაშინ ბევრი მეპურე გაკოტრდა, ნაწილი კი დღესაც ვალებს იხდის”, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, პურის წარმოებაში ბევრი პრობლემაა, მათ შორის ისიც, რომ მწარმოებლები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანადგარებით მუშაობენ და ქარხნები გასაახლებელია. მალხაზ დოლიძის განცხადებით, ფასების ლიბერალიზაციის პირობებში, შეუძლებელია ვინმემ მწარმოებელს ღირებულების შემცირება უკარნახოს. მისი თქმით, ყველა შემცირებულ ფქვილის ფასზე აპელირებს და ამ დროს არავის ახსენდება 30%-ით გაძვირებული ელექტროენერგია.

,,პურის ფასის მხოლოდ 40% შედგება ფქვილის ფასისგან, დარჩენილი 60 % კი ასე ნაწილდება: 18 % - გადასახადები, 18 % ენერგომატარებლები, 7-8% - ხელფასები, ასევე ტრანსპორტირების ხარჯები. მეწარმის მოგება საკმაოდ მცირეა”, - განაცხადა პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ რადიო „პალიტრას“ გადაცემა „საქმეში“.

ლევან სილაგაძე პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის არგუმენტებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ მოხდა ფქვილის ფასის აწევა და დაწევა. მისი თქმით, ამ პერიოდის მხოლოდ 30% იყო მაღალი ფასი, 70% კი დაბალი და მიუხედავად ამ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდისა, მეპურეებს ფასი არც ერთხელ არ შეუმცირებიათ.

პურის მწარმოებელი ამბობს, რომ კონკურენცია ფქვილის ბაზარზე მეტნაკლებად არის, აღიარებს, რომ თავად პურის წარმოებაში პრობლემებია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რენტაბელობას, თუმცა აცხადებს, რომ პრობლემების მთავრობამდე მიტანა და მათი გადაჭრის გზაზე, ფასების კორექტირებაზე ერთობლივი მუშაობა ამ დრომდე არ მომხდარა.

ასოცოაციები თანხმდებიან, რომ ადგილობრივ წარმოებას მთავრობის მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება. მათი თქმით, ქართული ბაზარი აბსოლუტურად დაუცველია და მაშინ, როცა ქვეყანაში ხორბლის დიდი რესურსი ჯერ კიდევ ასათვისებელია, იმპორტის ჩანაცვლება ვერ ხერხდება.