თამარ სანიკიძე - პროფესიული განათლების სწავლების ძირითადი ნაწილი უშუალოდ საწარმოში უნდა განხორციელდეს

განათლების რეფორმის მიხედვით, სწავლების ძირითადი ნაწილი უნდა განხორციელდეს არა კოლეჯში, არამედ უშუალოდ საწარმოში , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ტექნოლოგიურ პარკში განაცხადა, სადაც პროფესიული განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარია სისტემურ ცვლილებებზე, რომლის ფარგლებშიც ნელ-ნელა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმაზე უნდა გადავიდეთ.

"კონკრეტულად საუბარია დროული განათლების სწავლების ფორმაზე, რომელსაც შესაძლებელია ის პროფესიები, რომელიც ამ მიდგომით ისწავლება, მოვარგოთ და საქართველოში დავნერგოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. სწავლების ამ ფორმის განხორციელება სასწავლო პროცესში დამსაქმებლისა და კერძო სექტორის ჩართვას მოითხოვს. შესაბამისად, საუბარი სამოტივაციო პაკეტების მომზადებაზე იმისთვის, რომ კერძო სექტორი და დამსაქმებელი სრულად იყოს ჩართული პროფესიული განათლების მთელ ციკლში. იმ მიდგომით, რომლის დანერგვასაც ვაპირებთ, სწავლების ძირითადი ნაწილი 60% უნდა განხორციელდეს არა კოლეჯში, არამედ უშუალოდ საწარმოში. რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი დამსაქმებელზე, კერძო სექტორზე, შრომის ბაზრაზე იქნება ორინეტირებული და ამ მოთხოვნებზე მორგებული", - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე დაწყებულია შრომის ბაზრის კვლევა და არის პირველადი მონაცემები.

თამარ სანიკიძის თქმით, აღნიშნული კვლევა იქნება ის ინსტრუმენტი, რომლითაც განისაზღვრება, თუ რომელი იქნება პრიორიტეტული მიმართულება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წელს დასრულდება, 2017 წლიდან რამდენიმე მიმართულებით პრობაციისა და პილოტირების დაწყება შესაძლებელი იქნება.