ძველ თბილისში აბანოების თანამშრომლები გაიფიცნენ

ძველ თბილისში აბანოების თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. აბანოების თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და "ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის" დავალიანების ჩამოწერა და ტარიფების შემცირება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, თბილისელებს ჯანმრთელობის წყაროს ართმევენ, რაც დანაშაულია.

"ასჯერ გაგვიზარდეს ტარიფები. ვერც ერთი აბანო ამ თანხას ვერ გადაიხდის, ანუ გამოდის, რომ საერთოდ უნდა დავიკეტოთ. ამჟამად ყველა აბანო დაკეტილია და სახელმწიფოს ვთხოვთ, ყურადღება მოგვაქციოს, დაგვიწიონ ტარიფები ან საერთოდ გაგვიუქმონ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მე-5 აბანოს ადმინისტრატორმა რუდენ კობაიამ.

ძველი თბილისის ტურისტულ და კულტურულ ცენტრ აბანოთუბანში განთავსებული აბანოების ხელმძღვანელების განცხადებით, მათ სემეკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ტარიფზე გადასვლით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებმა არაგონივრულად მაღალი გადასახადი დაუწესა და დავალიანება დაუგროვდათ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოს ხელმძღვანელების წინადადებას ეხმაურება და დაგეგმილი გაფიცვის ნაცვლად მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობს. როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, კომპანია მზადაა მერიასთან, საკრებულოსთან და სხვა უწყებებთან ერთად ერთობლივი კომისია ჩამოაყალიბოს.