როკფელერების ოჯახი ნავთობკომპანიების აქტივებზე უარს ამბობს

როკფელერების ოჯახის ფონდმა განაცხადა, რომ აპირებს რაც შეიძლება მალე "მოიშოროს თავიდან" წიაღისეული საწვავის მომპოვებელი კომპანიების, მათ შორის უმსხვილესი ნავთობკომპანია ExxonMobil-ის აქტივები.

შესაბამისი განცხადება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„იმ პირობებში, როცა მსოფლიო საზოგადოება მუშაობს იმაზე, თუ როგორ გათავისუფლდეს წიაღისეული საწვავისგან დამოკიდებულებაზე, არა აქვს არანაირი აზრი, არც ფინანსური და არც ეთიკური თვალსაზრისით, გავაგრძელოთ ამ კომპანიებში ინვესტირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

როკფელერების ოჯახის ფონდის განცხადებით, ფონდმა ყველა ნახშირ და ნავთობკომპანიების აქტივების გაყიდვების ბრძანება უკვე გასცა.

"როიტერი" აღნიშნავს, რომ ფონდის ინვესტიციები აღნიშნულ კომპანიებში 130 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მცირე თანხაა, თუმცა ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მაინც საყურადღებოა, რადგან ასი წლის წინ ჯონ როკფელერმა თავისი ქონება სწორედ ExxonMobil-ის წინამორბედ კომპანია Standard Oil-ში შექმნა.

როკფელერების ოჯახის ფონდი 1967 წელს დაარსებული ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც გარემოს დაცვის საკთხებითა და სოციალური პრობლემატიკით არის დაკავებული.