"საზოგადოება და ბანკები" - დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი ე.წ. "მევახშეებზე" მოდის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ არსებული მონაცემები წარმოადგინა.

2015 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 1410 სხვადასხვა სახის უძრავი ქონება იყო რეალიზებული. აქედან 387 (27.4%) კომერციულ ბანკებზე მოდიოდა. 225 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, აღნიშნული მონაცემი საერთო რაოდენობის 16%-ს უდრის. უმრავლეს შემთხვევაში კი კრედიტორებს მევახშეები წარმოადგენენ, მთლიანი რაოდენობის 51.1% ანუ 720 ერთეული სწორედ მათზე მოდიოდა. სხვა იურიდიულ პირებზე კი 78 (5,5%) რეალიზებული უძრავი ქონება ფიქსირდებოდა.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა სახის რეკომენდაციას იძლევა.

,,საზოგადოება და ბანკები” მიიჩნევს, რომ აუცილებელია: საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება; რისკების მართვის გაუმჯობესება და სესხის გაცემის პარამეტრების სრულყოფა; ქვეყანაში აქტივების მართვის კომპანიების სრულყოფა; კერძო მევახშეების სეგმენტის სააღრიცხვო სისტემის ჩამოყალიბება; რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება; ფინანსური კანონმდებლობის გამარტივება და მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგება; ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის (მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა) გაუმჯობესება.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ სულ 9378 უძრავი ქონებაა რეალიზებული.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე