რუხის სავაჭრო ცენტრში "გორგიას" ფილიალმა ოპერირება დაიწყო

ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში საშენ მასალათა მაღაზიის ქსელის "გორგიას" ფილიალმა ოპერირება დაიწყო.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, მაღაზია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და კომპანიის დირექტორმა გია გორგოშაძემ გახსნეს.

"სავაჭრო ცენტრში განლაგებული ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები ეტაპობრივად იწყებენ სრულყოფილ ოპერირებას. აპრილში გაიხსნება რეგიონში ყველაზე დიდი სუპერმარკეტი "ლიბრე"-ს ფილიალი. ცენტრში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე ევროპული ტიპის ღია ბაზარი", - აცხადებენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

"კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით", - აღნიშნავენ საპარტნიორო ფონდში.

რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე 300 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული.

"ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც პირდაპირ აისახება ამ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე", - განმარტავენ ფონდში.

პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა.