ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიაში "დელტაში" წარმოებული ჯავშანჟილეტებით მიიღებენ მონაწილეობას

ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც "დელტაში" აცხადებენ, დღეს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის ოცეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად მიემგზავრება.

ღონისძიებას სსსტც "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ქართული მოდულური ჯავშანჟილეტების და ტაქტიკური ჩაფხუტების უახლესი მოდელები სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადდა.