დავით უსუფაშვილი ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორთან, ფარუქ ა. ბასტაკისთან გამართა.

ფარუქ ა. ბასტაკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისა და სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ მისი ქუვეითის სახელმწიფოში ვიზიტი მიზნად მასპინძელი ქვეყნისთვის საქართველოსა და მისი ეკონომიკური პოტენციალის ყველა მიმართულებით გაცნობას ისახავს, ხოლო ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოში სტუმრობა ქართული დელეგაციისთვის ვიზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო მიმართულებით მუშაობა უშუალოდ სამთავრობო სტრუქტურების პრეროგატივაა, ამ კუთხით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალსა და შესაძლებლობებს მასპინძლებს ყველა დონეზე გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე აცნობს. მისივე თქმით, საქართველო, რომელიც ღია და სტაბილური ქვეყანაა მიმზიდველი ბიზნესგარემოთი და საგადასახადო სისტემით, დღითიდღე უფრო მეტი ინვესტორის ყურადღებას იპყრობს.

დავით უსუფაშვილმა ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასთან დაკავშირებული პროექტები, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტი გააცნო. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობებს უკვე იყენებენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტო დაინტერესდება იმ ბიზნესფორუმებში მონაწილეობით, რომელთა გამართვის შესაძლებლობაზე გუშინ, ქვეყნის ემირთან გამართული შეხვედრისას იმსჯელეს. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს.

ფარუქ ა. ბასტაკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობა და საინვესტიციო მიმართულებები გააცნო. მისი განცხადებით, სააგენტო საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესდება. ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის გაუმჯობესების მხრივ რჩევებიც მისცა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ქუვეითის სახელმწიფოს მსგავს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს დააინტერესებს.

დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში 25 მარტს დასრულდება.