ლევან კალანდაძე - ყველა მივეჩვიოთ გადასახადების გადახდას, სატარიფო ოაზისები აღარ უნდა არსებობდეს

ყველა მივეჩვიოთ გადასახადების გადახდას, სატარიფო ოაზისები აღარ უნდა არსებობდეს , - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე წყლის მოსაკრებლის გადასახადთან დაკავშირებით გოგირდის აბანოების წარმომადგენლების პროტესტს.

როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, საგადამხდელო წესრიგი და კულტურა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს და ექსკლუზიური, პრივილეგირებული მდგომარეობა, რაც ზოგიერთ ბიზნესსტრუქტურებს წარსულში ჰქონდათ, უნდა დამთავრდეს.

"ვფიქრობ, ჭრელი აბანოების მესვეურების ამგვარი პროტესტი და ულტიმატუმები ყოვლად უადგილოა და მათი ქმედება, პირველ რიგში, თავად ამ კომპანიებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს დააზარალებს. მათთვის "განსაკუთრებული" მოსაკრებელი წყლით სარგებლობისათვის არავის დაუწესებია. ეს არის სემეკ-ის მიერ დაწესებული ტარიფი, რომელიც ერთიანია აბსოლუტურად ყველასთვის და რაიმე "ექსკლუზივებსა" და "უპირატესობებს" არ ითვალისწინებს. ტარიფი სამართლიანია და ყველა კომპანია ერთნაირი ტარიფით იხდის. მესმის, რომ გადასახადისა და მოსაკრებლის გადახდა სასიამოვნო პროცედურა არ არის. მითუმეტეს ჭრელი აბანოები წარსულში, "ნაციონალების" მმართველობის პირობებში ე.წ. ექსკლუზიური ტარიფით სარგებლობდნენ და ახლა, როცა ტარიფი ყველასთვის გათანაბრებულია და "სატარიფო ოაზისები" ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესკომპანიებისათვის აღარ უნდა არსებობდეს, ცოტა რთულია მათთვის ახალ რეალობაზე გადართვა. მაგრამ კანონი კანონია და რაც მთავარია, კანონი თანაბარი უნდა იყოს ყველასთვის", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.