გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხა საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება

გერმანიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დაახლოებით 135 მილიონ ევროს სესხი და 5 მილიონი გრანტი მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე დაფინანსდება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვიმმართველობის გაძლიერება.

პრემიერის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა, საქართველოს ეროვნული ინოვაციების სისტემის პროექტისათვის.

"ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც თავის მხრივ რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

ასევე გათვალისწინებულია რეგიონებში გრანტების გაცემა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, ასევე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.