საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნა იგეგმება

საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა, საქართველოს ეროვნული ინოვაციების სისტემის პროექტისთვის.

"ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც, თავის მხრივ, რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებში გრანტების გაცემა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, ასევე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.