დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება

თუკი ლარი 2-2,05 ნიშნულამდე გამყარდება, ელექტროენერგიის ტარიფის კვლავ შემცირება დადგება დღის წესრიგში. ამ დროისთვის, სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კომისიაში უნდა დარწმუნდნენ, რომ კურსი სტაბილური იქნება. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა 2,30-ის ნიშნულის ფარგლებში მერყეობს.

სემეკის წევრი, გოჩა შონია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მოქმედ წესებში არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი - სავალუტო კურსის რამდენპროცენტიანი ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ტარიფი. როდესაც ელექტროენერგია გაძვირდა, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 30%-ით იყო გაუფასურებული. რამდენიმე თვის წინ თბოელექტროსადგურებს ახალი ტარიფი 2,30-ის ნიშნულზე დაუანგარიშდათ.

"ჯერ კურსი არ არის დასტაბილურებული და გარკვეული მერყეობა ისევ შეინიშნება. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს. თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც", - ამბობს გოჩა შონია.

რა იგულისხმება არსებით ცვლილებაში? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუსტ დეფინაციას კანონი და მარეგულირებელი წესები არ განსაზღვრავს. შონიას განცხადებით, სემეკი პროცესს რეალური მდგომარეობით აფასებს. თუკი კომისია დაინახავს, რომ კომპანიები ზედმეტ შემოსავალს იღებენ, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფი გადაიხედება.

"თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილოება ლარსა და დოლარს შორის, ამ შემთხვევაში კომისიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ სატარიფო წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადახედოს ტარიფს. რამდენიმე კვირაა დაიწყო კურსმა გამყარება. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ცვლილებებს", - ამბობს გოჩა შონია "რეზონანსთან" საუბრისას.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის, რეზო არველაძის განცხადებით, ტარიფი დათვლილია დაახლოებით იმ კურსზე, რომელიც დღეს არის. ამიტომ ტარიფის გადახედვის ზედა ნიშნული უნდა იყოს 2,30 და არა 2,48 ლარი.

"როდესაც ტარიფი გაიზარდა, მაშინ კურსი 2,30 ლარზე დააფიქსირეს. ახლა 2,30-ს უნდა მოაკლდეს დაახლოებით 25 თეთრი, რათა ტარიფის გადახედვის ობიექტური საბაბი შეიქმნას. თუ დოლარის მიმართ ლარი ამ დონეზე გამყარდება, მაშინ კომპანიებმა რომც არ შეიტანონ განაცხადი, მარეგულირებელ კომისიას უფლება აქვს, რომ თავად განახორციელოს ტარიფის კორექტირება", - ამბობს რევაზ არველაძე.

ექსპერტი ზვიად კანდელაკი აღნიშნავს, რომ თუკი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინვესტიციები შემოვიდა და ტურისტების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა, წლის ბოლომდე კურსის 2-2,05-მდე გამყარების რეალური შანსი არსებობს.

"ლარის დევალვაციამ "ქართული ოცნების" რეიტინგი საგრძნობლად შეარყია. შესაბამისად, სტაბილური და გამყარებული ვალუტა, რომელიც თავის მხრივ ტარიფის გაიაფებასაც გამოიწვევს, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სერიოზული "კოზირი" იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, ეროვნული ვალუტის გამყარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს", - ამბობს ზვიად კანდელაკი.

ზაფხულში "თელასის" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფები დახალოებით 4 თეთრით გაიზარდა. მიზეზი ლარის დევალვაცია გახდა. არადა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სწორედ ენერგოპროდუქტების გაიაფება იყო.

შეგახსენებთ, რომ დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, 2013 წლის გაზაფხულზე, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,54 თეთრით შემცირდა. უცვლელი დარჩა იგი იმ აბონენტებისთვის რომლებიც 301 კვტ/სთ-ზე მეტ დენს იყენებდნენ. ეს კატეგორია, ძირითადად, იურიდიული პირები არიან.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კი მოსახლეობას ელექტროენერგია იმაზე მეტად გაუძვირა, ვიდრე გაიაფებამდე იყო. 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან "ენერგო-პროს" მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებში 3,95 თეთრით გაიზარდა.

მოგვიანებით, სემეკს ტარიფის გადახედვა უკვე "თელასმაც" მოსთხოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზად ლარის დევალვაცია დასახელდა. დენის ტარიფმა დედაქალაქშიც რეგიონების ანალოგიურად მოიმატა. მაგალითად, ის მომხმარებელი, რომელიც 101 კვ/სთ ელექტროენერგიას ხარჯავს, 1 კილოვატში 9,94 თეთრის სანაცვლოდ, აწ უკვე 12,89 თეთრს იხდის, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ კატეგორიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის საფასური 12,48 თეთრი იყო.

ასევე ყველაზე დიდი საფასურის გადახდა უწევთ სხვა კატეგორიის აბონენტებსაც. მათთვის, ვინც 101-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვ/სთ საფასური 12,46 თეთრიდან 16,99 თეთრამდე გაიზარდა (ადრე 16 თეთრი). ყველაზე მძიმე დღეში მესამე კატეგორიის (301 კვ/სთ) აბონენტები აღმოჩნდნენ და მათთვის ელექტროენერგიის საფასური 21,65 თეთრი გახდა. მესამე კატეგორიას, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესი მიეკუთვნება, რომლებიც ლარის გაუფასურების გამო, ისედაც საკმაოდ დაზარალდნენ.

ასე რომ, თუკი კურსი 2 ნიშნულამდე ჩამოვა, ელექტროენერგიის ტარიფი პირველი კატეგორიის მომხმარებლისთვის 10 თეთრამდე დაიწევს, ოქტომბრისთვის "ქართული ოცნება" ამომრჩეველს შედარებით პირნათელი შეხვდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"