5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი როტშილდების ოჯახის შესახებ

როტშილდების ოჯახი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახია და მისი სახელი ხშირად სხვადასხვა თეორიებთან ასოცირდება.

როტშილდების კლანი სათავეს მაიერ რამშელ როტშილდისგან იღებს, რომელიც ფრანკფურტში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. იგი რვა შვილთაგან ერთ-ერთი იყო და სწორედ მას ეწერა ბედად უზარმაზარი ფინანსური იმპერიის შექმნა.

მაიერმა საბანკო ბიზნესი 1760-იან წლებში შექმნა და იმპერია თავისი 5 ვაჟის დახმარებით გააფართოვა. შვილებმა მამის საქმე ევროპის უმსხვილეს საფინანსო ცენტრებში განაგრძეს - ფრანკფურტი (ამშელ როტშილდი), ლონდონი (ნათან როტშილდი), ნეაპოლი (კალმან როტშილდი), ვენა (სოლომონ როტშილდი) და პარიზი (ჯეიმს როტშილდი). ამგვარად, თითოეულმა ვაჟმა მამისგან დატოვებული ქონება გააათმაგა და მყარად დაიმკვიდრა თავი ევროპაში.

მე-19 საუკუნეში როტშილდები სიმდიდრისა და ძლევამოსილების ზენიტში იმყოფებოდნენ, მათ კარგად იცნობდნენ ფინანსურ სამყაროში. ოჯახი აქტიურად იღებდა მონაწილეობას იმჟამინდელ უმსხვილეს ისტორიულ მოვლენებში, მაგალითად, მათ დააფინანსეს ბრიტანული ჯარი ნაპოლეონთან ბრძოლებში, ასევე, ბრაზილიის დამოუკიდებლობა.

როტშილდების გავლენა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში შესუსტდა, მაგრამ ოჯახი განაგრძობს მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს გაკონტროლებას.

გთავაზობთ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს როტშილდების შესახებ.

როტშილდების ოჯახი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ოჯახია

თქვენ ვერ იპოვით როტშილდების ოჯახს ჟურნალ „ფორბსის“ სიაში, რადგან როტშილდების სიმდიდრე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში თაობიდან თაობაზე, უამრავი რაოდენობის მემკვიდრეზე ნაწილდებოდა. მთლიანი კლანის სიმდიდრე სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 350 მილიარდი დოლარიდან 1 ტრილიონ დოლარამდეა. ქონების ზუსტი დათვლა შეუძლებელია, რადგან ოჯახის შემოსავლები და აქტივები გასაიდუმლოებულია. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ცნობილია, რომ ბრიტანელი ფინანსისტის ჯეიკობ როტშილდის ქონება 50 მილიარდ დოლარს, ხოლო ეველინ დე როტშილდის ქონება 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მაიერ როტშილდის ხუთივე შვილი არისტოკრატი გახლდათ

მაიერის 4 ვაჟს 1816 წელს ავსტრიის იმპერატორმა ფრანც I-მა დიდგვაროვანთა ტიტული მიანიჭა, 1818 წელს კი დიდგვაროვანის ტიტული მეხუთე ვაჟმა მიიღო. 1822 წელს ხუთივე ძმამ მიიღო ბარონის ექვივალენტური ტიტული იმდროინდელი საზომით. ამის გამო, როტშილდების ოჯახის უამრავი წევრი იყენებს თავსართს ”დე” ან ”ფონ” არისტოკრატული ტიტულის ხაზგასასმელად.

ნათან როტშილდმა ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლებში გაიმარჯვა

ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლები 1803 წელს დაიწყო და 12 წელი გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ როტშილდებს იმ დროისთვის უზარმაზარი ქონება და გავლენა გააჩნდათ, არ ჩქარობდნენ დახმარების გაწევას ანტინაპოლეონური კოალიციისთვის 1813 წლამდე. სწორედ იმ პერიოდში შენიშნა ნათან როტშილდმა, რომ მის ბიზნესს ამ ომის გამო საფრთხე ემუქრებოდა და გადაწყვიტა ბრიტანული ჯარისთვის სპონსორობა გაეწია 10 მილიონი დოლარით (დღევანდელი ექვივალენტით ეს თანხა 900 მილიონ დოლარს უდრის), რამაც ნაპოლეონის დამარცხებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.

ნათან როტშილდმა ბრიტანული ეკონომიკა გამოისყიდა

ნაპოლეონის ბრძოლების დროს როტშილდების ოჯახს კურიერებისა და აგენტების გამართული ქსელი ჰქონდათ მთელ ევროპაში. აგენტების ძირითადი დავალება ნათანისთვის ინფორმაციების ოპერატიულად მიწოდება გახლდათ. 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლისას ლონდონამდე მიაღწია ამბავმა, რომ ბრიტანული ჯარი ბრძოლას აგებდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრიტანელებმა ეს ბრძოლა მოიგეს. თუმცა ლეგენდის თანახმად, როტშილდის აგენტმა, რომელიც იმჟამად ბელგიაში იმყოფებოდა, პირველმა შეიტყო, რომ ნაპოლეონის ჯარი ბრძოლას აგებდა და ეს ამბავი ნათანს მიუტანა. იმ მომენტისთვის ლონდონში ამ ამბავზე არავინ იცოდა.

ნათან როტშილდი ბირჟაზე გაემართა და ყველა თავისი სახელმწიფო ობლიგაცია გაყიდა იმ მოტივით, რომ ომი წაგებულია და ბაზარი დაიშლება. იმის გათვალისწინებით, რომ როტშილდი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყო, ყველა დანარჩენმა ფინანსისტმა მის მაგალითს მიბაძა - გაყიდა ობლიგაციები დაბალ ფასად. ეს აქციები როტშილდის აგენტებმა გამოისყიდეს, რამაც ოჯახს უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა.

როტშილდების ოჯახი სუეცის არხისა და ბრაზილიის დამოუკიდებლობის უკან დგას

მე-19 საუკუნეში არცერთ ღონისძიებას, რომელიც დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, არ ჩაუვლია როტშილდების გარეშე. მიიჩნევა, რომ სწორედ როტშილდებმა დაარწმუნეს ბრიტანეთის ხელისუფლება, შეეძინათ სუეცის არხის აქციები. 1875 წელს როტშილდების კომპანიამ ბრიტანეთის პარლამენტს 4 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო (დღევანდელი კურსით დაახლოებით 500 მლნ დოლარი) სუეცის არხის შესასყიდად. ლეგენდის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბენჯამინ დიზრაელიმ, რომელიც ნათანის ვაჟის, ლიონელის მეგობარი გახლდათ, სესხი როტშილდების კომპანიისგან პარლამენტთან შეუთანხმებლად აიღო.

როტშილდების კლანის პოლიტიკურ არენაზე გავლენისა და ძალაუფლების კიდევ ერთი მაგალითი გახლავთ ბრაზილიის დამოუკიდებლობაში მონაწილეობა 1820-იან წლებში. პორტუგალია თანახმა იყო მიეცა დამოუკიდებლობა ბრაზილიისთვის იმ პირობით, თუ ბრაზილია კომპენსაციის სახით 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიდა. სწორედ ნათან როტშილდმა გადაიხადა ეს კომპენსაცია. ამ შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი პირობა გახლდათ ის, რომ ბრაზილიას თავის თავზე უნდა აეღო პორტუგალიის ყველა ვალი, რომელიც ქვეყანას როტშილდების კომპანიისთვის ემართა.

დუდანა ზაქარაია