თბილისის მერიასთან რამდენიმე ბაღის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს

რამდენიმე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა ბაღის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. მშობლებმა დღეს თბილისის მერიასთან აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილე, 83-ე ბაღის აღსაზრდელის მშობელმა ანი ინაშვილმა განაცხადა, ისინი ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

"ამჟამად რაც ხდება ბაღებში, ეს უსამართლობაა. ჩვენ გუშინ შევხვდით თემურ თორდინავას, თუმცა ვერ მივიღეთ მისგან პასუხები, რატომ მოხდა ჩვენი დირექტორის გათავისუფლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. მან გვითხრა, რომ აუდიტის სამსახურმა 13 ბაგა-ბაღი შეამოწმა და ცამეტივეში დარღვევა აღმოაჩინა და ამიტომ მოხდა დირექტორების გათავისუფლება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი დირექტორი გვყავდა და ეს არ არის რეალური მიზეზი", - განაცხადა ანი ინაშვილმა.

#6 ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობლის სოფო ხაჭაპურიძის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

"მშობლების აზრით, დირექტორების გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა. ჩვენ არ გვინდა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მიეცეს, რადგან ეს არის მშობლების პროეტესტი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მშობლები მერიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.