იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი თითქმის 30%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 30%-ით გაიზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 269 808 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის იანვარ-თებერვალში კი ეს მონაცემი 195 041-ს შეადგენდა.

ამ მომენტისთვის საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას სულ 26 ავიაკომპანია ახორციელებს. ამათგან 25 უცხოური, ერთი კი ქართული კომპანია - ,,ჯორჯიან ეარვეისია.”

მგზავრთა გადაყვანის სიხშირით ქართულ ავიაბაზარზე ლიდერობას კვლავ Turkish Airlines ინარჩუნებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში კომპანია 56 511 ადამიანს მოემსახურა. მეორე ადგილზეა - Ukraine International Airlaines -34 693 მგზავრით, მას მოჰყვება Georgian Airways - 24 641 მგზავრი, Pegasus - 20 646 მგზავრი, ლიდერთა ხუთეულს ასრულებს S7- 18 088 გადაყვანილი მგზავრით.

რაც შეეხება უცხოელ მოგზაურთა ტოპ ხუთეულს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, რომელსაც თურქეთი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა მოსდევს.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე