სამეგრელო-ზემო სვანეთში 200-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წელს 200-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, აქედან 50 - რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. წლის ბოლომდე რეგიონის მასშტაბით 1100-მდე პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასრულდება.

რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი, რეგიონული და მუნიციპალური პროექტების სამსახურის უფროსი გიორგი როინიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ეცნობიან.

დღესვე სამუშაო შეხვედრაზე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტების მიხედვით მერებთან, გამგებლებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებთან ერთად 2016 წელს დაგემილი პრიორიტეტული პროექტები დეტალურად განიხილება.

რეგიონის 2016 წლის ყველაზე მთავარ პროექტებად ანაკლიის პორტი, ზუგდიდის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია, ტექნოინოვაციური პარკი, ბოტანიკური ბაღის აღდგენა, სპორტის სასახლეების მშენებლობა და ახალგაზრდული ღონისძიებები სახელდება.

დღესვე მოხდება 2017 წლის მთავარი პრიორიტეტების განხილვა მუნიციპალიტეტების მიხედვით.