პრივატიზების პროცესის დასრულებაზე სპეციალური წესი დამტკიცდა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი დამტკიცდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მთავრობის დადგენილების რამდენიმე პროექტი წარადგინეს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეებს, 2010 წლამდე პერიოდში, ერთ შემთხვევაში, ჰქონდათ გაფორმებული ნასყიდობები და მეორე შემთხვევაში, ჰქონდათ ასევე ნასყიდობები გაფორმებული, რომელიც არ იყო დასრულებული, მათ ამ ნასყიდობების დასრულების უფლება მიეცემათ.

"კერძოდ, პირველ შემთხვევაში, როდესაც გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა, ასეთი შემთხვევები ჩვენ გვქონდა, მანამ, სანამ "სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი" ძალაში შევიდოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც შენობის ფართი არის უფრო მეტი, ვიდრე მათზე მიყოლებული მიწა. შესაბამისად, ამ დადგენილებით, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობებს, რომ აღნიშნულმა პირებმა, კომპანიებმა მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად იმისათვის, რომ მოხდეს მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში. ასეთი ამ წუთში ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული 100-ზე მეტი განაცხადი, თუმცა რა ანალიზსაც ვაკეთებთ, სავარაუდოდ, 250 შემთხვევაზე გავრცელდება. აქ მათ, ზუსტად ისევე, როგორც "მიკუთვნების და აღიარების შესახებ კანონშია", მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც არის ხუთმაგი წლიური საგადასახადო ოდენობის ტოლი", -განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მეორე განკარგულების პროექტიც ეხება ასევე დაუსრულებელი პრივატიზების საკითხს 2010 წლამდე, სანამ "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონი შემოვიდოდა, იმიტომ, რომ შემდგომ უკვე სხვანაირად მოწესრიგდა ეს ურთიერთობები.

"ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაგვიანებით იყო გადახდილი თანხები, ან არ იყო სრულად გადახდილი. ორი პრინციპი ავირჩიეთ. ერთი არის სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწებზე თუ იყო 50% ან მეტი გადახდილი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, მათ დაასრულონ პრივატიზების პროცესი და შესაბამისად, მიიღონ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. არის მეორე პრინციპი - თუ ეს არის არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიმართულება, ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ გადახდილი 80% ან მეტი და ჩვენ მათ მივცემთ პრივატიზების დასრულების უფლებას.

ასევე ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სრულად არის თანხა გადახდილი, მაგრამ ვადის დაგვიანებით. ასეთი შემთხვევა აღემატება 150-ს, თუმცა, ანალიზის მიხედვით, სადღაც 350 შემთხვევაზე გავალთ და ამ ადამიანებს მოვუწესრიგებთ მათი საკუთრების უფლებას, შესაძლებლობას მივცემთ, რომ მათ ნორმალურად განკარგონ თავიანთი საკუთრება. ამისათვის მათ უნდა მიმართონ განაცხადით ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", - განმარტა ქუმსიშვილმა.