სასურსათო და კვების უსაფრთხოების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პირველი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება სასტუმრო "ამბასადორში" ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო.

პრეზენტაციას დაესწრნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ოქსფამის" ეკონომიკური პროგრამების მენეჯერმა ლევან დადიანმა განმარტა, აღნიშნული კვლევა მთავრობას ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარება.

"გამოვლინდა საკმაოდ ყურადღება მისაქცევი, არც თუ ისე სახარბიელო სურათი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას ზოგადად უჭირს, ეკონომიკურად, სოციალურად საკვებზე ხელმისაწვდომობა ბოლომდე სახარბიელო არ არის, ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული. მთიანეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს პრობლემები იქ გაცილებით მწვავეა, ვიდრე ბარში. მდგომარეობას ართულებს ღარიბი ინფრასტრუქტურა, გზები, სეზონურობა და ა.შ. რამდენიმე მონაცემებზე გავამახვილებ ყურადღებას, მაგალითად, ზოგადი პარამეტრების თვალსაზრისით, რაც შემოსავლებს, სურსათზე ხელმისაწვდომობას ეხება – მთაში ეს მდგომარეობა 10%-ით უფრო მწვავეა. ასევე, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სესხულობს ფულს, რათა საკვებზე თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. ასეთი მოსახლეობის ხვედრითი წილი სოფლად დაახლოებით 50-60%-ია. ეს მიუთითებს სიღარიბის ზღვარზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზე. გარდა ამისა, მოსახლეობის მიმართ დაისვა შეკითხვა – ხომ არ ყოფილა მდგომარეობა, როდესაც რომელიმე მოქალაქეს არ მიუღია საკვები, რადგან მას არ ჰქონდა ფინანსური საშუალება? – ასეთი კატეგორიის დაახლოებით 9% გამოვლინდა", - აღნიშნა ლევან დადიანმა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი. მისი შეფასებით, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ძალიან დიდია, რომელსაც სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

"შემუშავებულია 20 რეკომენდაცია. ახლა ვართ ფაზაში, როდესაც ექსპერტებთან, დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად კომისიურად შემდგომი პერიოდის სამოქმედო გეგმას ვადგენთ. ცოტა ხანში, ეს მიიღებს სავარაუდოდ, კანონის სახეს და იქნება სამთავრობო პროგრამა. განსაზღვრული იქნება ყველა მიმართულება, რა თქმა უნდა, მოვიცავთ მთის პრობლემებსაც. პროდუქციის არსებობის, ხელმისაწვდომობის, ნუტრიციის, უვნებლობის საკითხებს", - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.

კვლევა განახორციელა სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა", რომელსაც ოქსფამი საქართველოსა და სომხეთში ახორცილებს.

კვლევამ სამი რეგიონი მოიცვა, რომლებიც მეზობელ სახელმწიფოებს - რუსეთის ფედერაციას, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ესაზღვრებიან, კერძოდ კავკასიონის მთების დასავლეთით მდებარე მესტიის და ონის მუნიციპალიტეტები, დიდი კავკასიონის მთების აღმოსავლეთით მდებარე ყაზბეგის, დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები და მცირე კავკასიონის მთებში მდებარე მუნიციპალიტეტები - ასპინძა, ადიგენი, ახალქალაქი, დმანისი, ხულო, ქედა და შუახევი.