დავით სერგეენკო - მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს

მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც "შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილება მიიღეს.

დავით სერგეენკოს განმარტებით, ეს სტრატეგია განუყოფელი ნაწილია რეფორმის, რომლის შესახებაც გუშინ პრემიერმა და განათლების მინისტრმა განაცხადეს და რომელიც მათ შორის, პროფესიულ გადამზადებას მოიცავს.

"ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დასრულდა შრომის ბაზრის კვლევა, გამოიკვეთა სუსტი წერტილები, თუ რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სამუშაოს მაძიებლების დაკმაყოფილება. ეს ფაქტორები არის ის, რომ ხშირად დამსაქმებლისთვის კვალიფიკაცია არასაკმარისია. გამოიკვეთა მოთხოვნადი პროფესიები და მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს, რომ გადამზადნენ, შეიძინონ ახალი პროფესიები და გახდნენ მოთხოვნადი ბაზარზე, გარდა ამისა, დავეხმაროთ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში", - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, საქმე ეხება 52 მოთხოვნად პროფესიას, რომელშიც გადამზადების მოდულები შეიქმნა.