როგორია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი

რა პოტენციალი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით, რამდენად არის ათვისებული ეს პოტენციალი და როგორ შეიძლება მოხდეს ამ პოტენციალის სწორად ათვისება.

ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთგვარი რეგიონალური გზამკვლევი შეიმუშავა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.

გზამკვლევის შესახებ რადიო პალიტრის გადაცემა ”საქმეში” სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა დეტალურად ისაუბრა.

”ეს დოკუმენტი დაახლოებით 7-8 თვის წინ ჩემი ინიციატივით შევქმენით. ეს კვლევები იძლევა იმის საშუალებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ამ ტიპის ნიადაგზე ხორბალია პრიორიტეტული, ხილია პრიორიტეტული თუ ბოსტნეული. ჩვენ გავაკეთეთ კლიმატური რუკები (1965 წლიდან მოყოლებული): რა რაოდენობის ნალექი მოდის, ქარის მოძრაობა, ერთჯერადად მოსვლა ამ ნალექის, ყველაზე მაღალი და დაბალი ტემპერატურა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კულტურისთვის და აგროვადების დადგენისთვის. გზამკვლევი ბიზნესმენს აძლევს მიმართულებას, რა მოიკვლიოს, რა უნდა მოიკითხოს, სად და როგორ ჩაატაროს ეს ანალიზი და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.

მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველო ნიადაგების მრავალფეროვნებით ხასიათდება: ”საქართველოში ნიადაგების 49 ტიპი და ქვეტიპია. ეს არის ამ მცირე ტერიტორიაზე ძალიან დიდი არეალი. 22 მიკროზონაა ცნობილი, ესეც ძალიან დიდია საქართველოსხელა ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში, ყველა ბიზნესმენი უნდა ცდილობდეს, რომ ზედმიწევნით კარგად შეისწავლოს, სად რას აპირებს და როგორ აპირებს”, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

რადიო „პალიტრის“ გადაცემა ”საქმეში” გოჩა ცოფურაშვილმა დეტალურად ისაუბრა თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ზრდაზე და კონკრეტული პროდუქტების კოეფიციენტები დაასახელა.

ხორბალი: ”ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ხორბალია. ჩვენ ბევრი კვლევა ჩავატარეთ, გავაანალიზეთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა, სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილება ძალიან ცუდად მოქმედებს ტერიტორიებზე, რომლებიც არ ირწყვება, ეს ეხება ძირითადად, დედოფლისწყაროს რაიონს, რომელიც ხორბლის ძირითადი ბეღელია. სამწუხაროდ, იქ ნიადაგში არ მიდის სასიკეთო პროცესები, პირიქით, უფრო მეტად უჭირს ნიადაგს და ყოველივე ამან გამოწვია გარკვეული პრობლემები. თუმცა, ხორბალს აქვს პოტენციალი ქვემო ქართლშიც, ჯავახეთშიც, დასავლეთ საქართველოშიც, მივიღეთ ნორმალური შედეგი ბევრ ადგილზე. შარშანდელი წელი იყო საკმაოდ უხვმოსავლიანი. იმედი მაქვს, რომ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2015 წლის იქნება ძალიან მაღალი, თუმცა თუ ჩვენ წინა წლებს გადავხედავთ, ეს კოეფიციენტი მერყეობს საშუალოდ, 10%-მდე, 2014 წელს იყო 8%, 2013 წელს იყო - 12%, 2012 წელს იყო - 9% და ასე მივყვებით, 6%-იც იყო 2010 წელს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს გვაქვს, საშუალოდ 10% -იანი თვითუზრუნველყოფა ხორბალში” - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.

კარტოფილი. ”კარტოფილზე გვაქვს თითქმის 100%-იანი უზრუნველყოფა. პირიქით, გვაქვს შესაძლებლობები და გაგვაქვს საადრეო კარტოფილი. იყო შარშან იმპორტი, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო, 2014 წელს კი იყო სულ 3 ათასი ტონა იმპორტი. არიან კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა დაწესებულებებს, მათ შორის ჯარს, ციხეებს და მაქვს ინფომაცია, რომ მათ აქვთ რამდენჯერმე შემოატანილი, ისინი იგებენ ტენდერებს დაბალი ფასით.

კვერცხი. ”ძალიან კარგი მონაცემები აქვს კვერცხს, თითქმის 100%-იანი კოეფიციენტი გვაქვს. ერაყში გვქონდა ექსპორტიც“.

ფრინველის ხორცი. ”ფრინველის ხორცის შემთხვევაში გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ბიზნესმენებს, ფერმერებს მინდა ვუთხრა, რომ მეხორცეული მიმართულებით ბევრი შეიძლება გაკეთდეს. ბოლო წლებში ეს კოეფიციენტი ადის მაღლა. არის ასეთი ორგანიზაცია ”ჩირინა”, მათ საკმაოდ მოუმატეს თავის პროდუქციას, გამოშვებული პროდუქციის მოცულობა საკმაოდ გაიზარდა. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი არის 18, 21, 25. 2015 წლის მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, 30-ზე მეტი იქნებაა. წინასწარი ინფორმაციით, როგორც მეუბნებიან, შეიძლება 40-მდეც იყოს. ეს რაც კონკრეტულად, ფრინველის ხორცს შეეხება”.

რძის პროდუქტები. ”რძის პროდუქტებშიც საკმაოდ მაღალია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, ეს გამოწვეულია იმით, რომ თუ ჩვენ სულადობას გადავხედავთ, ჩვენ იმაზე მეტი გვაქვს სულადობა, რამდენიც კომუნისტების დროს იყო - როცა ყველა მონაცემი ძალიან მაღალი იყო”.

წველადობა. ”წველადობის შემთხვევაში უკეთესს ინატრებდა კაცი, მაგრამ რეალურად, 91% -იანი თვითუზრუნველყოფაა დაფიქსირებული 2014 წელს. რძის ფხვნილი არის შემოსული უკრაინიდან, თურქეთიდან, მაგრამ ჩვენ მაინც საკმაოდ დიდი მოცულობის რძეს ვაწარმოებთ.”

ღორის ხორცი. ”ღორის ხორცის მაჩვენებელი სტაბილურად 40%-ის ფარგლებშია. 2014 წელს 42%-ია. აქაც შესაძლებელია, რომ გვქონდეს უფრო მაღალი მაჩვენებელი”.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის შემთხვევაში საქმე საკმაოდ კარგად გვაქვს. აქ 70%-იც კი არის თვითუზრუნველყოფა, მაგრამ გვაქვს ასევე ექსპორტი, ამ მონაცემებში სტატისტიკა არ აქვეყნებს ცოცხალი პირუტყვის ექსპორტს და ასეთი რაოდენობაც საკმაოდ მოცულობითია, გვაქვს შესაძლებლობა, ძალიან მარტივად ავიდეს 100%-ზე”.

ცხვარი და თხა. ”ცხვართან და თხასთან მიმართებაშიც მდგომარეობა ცუდი არ არის, ექსპორტზეც გაგვაქვს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გვინდა გადავხედოთ თურქეთთან პოზიციებს, იმიტომ რომ თურქეთში ცხვარი ვერ შეგვყავს, სადაც ძალიან დიდი მოხმარება და მაღალი ფასია“.

სიმინდი. ”სიმინდთან მიმართებაშიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღლა ავედით, 90%- მდეა თვითუზრუნველყოფა, ექსპორტიც გვაქვს სიმინდში. რაც შემოდის, ეს არის ის სიმინდი, რომელიც ფრინველის კვებისთვის გვჭირდება”.

ბოსტნეული. ”ბოსტნეულში ვართ საშუალოდ 70% -მდე, აქ გვაქვს სეზონური პრობლემა. ჩვენი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები ითვალისწინებს, რომ ეს საკითხი დავალაგოთ”.