ოთარ დანელია - რძის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, რძის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა.

"მოგეხსენებათ, ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ კოოპერირების ხელშეწყობის და სტიმულირების კუთხით.

რძის წარმოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა ნედლ რძეზე მას შემდეგ, რაც ჩვენ პრაქტიკაში დავნერგეთ რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი. სულ იდენტიფიცირებულია 416 კოოპერატივი, რომელიც საერთო ჯამში მესაქონლეობით არის დაკავებული და საერთო ჯამში 13 ათასზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს", -განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სპეციალური ხელსაწყოები.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს.

პრემიერის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს არამარტო რძის შემკრები პუნქტის მოწყობის საშუალება ექნებათ, არამედ მათ რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურაც გადაეცემათ.

"ეს გულისხმობს 40 000-დან 75 000-მდე ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას დაახლოებით 30-მდე კოოპერატივისთვის. პროგრამა ასეთ კოოპერატივებს საშუალებას მისცემს, არამარტო ადგილებზე შეაგროვონ რძე და უფრო მსხვილ მწარმოებლებს მიაწოდონ, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის, ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, რაც სოფლად მცირე მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.