განმუხურში ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვა გააპროტესტეს

"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით განმუხურში ბულვარის ნაწილის გაყიდვის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ბულვარის ტერიტორია და სანაპირო ზოლი ხალხის საკუთრებაა და მის გაყიდვას არ დაუშვებენ.

ოპოზიციური პარტია ინიციატივით გამოდის, რომ აუქციონის დასრულების წინა დღეს, 29 მარტს განმუხურში ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდეს, რომელშიც ყველა პარტია, დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

"ხეების შემდეგ ივანიშვილი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიადგა და საბოლოოდ სურს, საქართველო ერთ დიდ შპს-დ გადააქციოს. ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. ინვესტიციების წინააღმდეგი არავინ არის, თუმცა ბულვარის და სანაპირო ზოლის გაყიდვა არ უნდა დავუშვათ. რამდენიც არ უნდა მოიტყუოს ხელისუფლებამ, ეს არის სანაპირო ზოლი და მის დასაცავად ვიბრძოლებთ", - განაცხადა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფომ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილია 33.951 ათასი კვადრატული მეტრი ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 2.263.500 ლარია. პირობების თანახმად, მყიდველმა ტერიტორიაზე არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.