ტროტუარის დაცვის მიზნით თბილისში ხვალ აქცია გაიმართება

ტროტუარის დაცვის მიზნით, თბილისში ხვალ აქცია გაიმართება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" აცხადებენ, 26 მარტს, 12:00 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის მიმდებარე ტერიტორია) ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", "საქართველოს საავტომობილო ფედერაცია", "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება", "საქართველოს სპორტის საავტომობილო ფედერაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "იარე ფეხით", "ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია", "თბილისის ტრამვაი", კომპანია "კია მოტორს ჯორჯია", ჟურნალი "ავტობილდი" და მოხალისეები აქციას გამართავენ. აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ფოტოგრაფი და ქვეითების უფლებების დამცველი გოგა ჩანადირი.

ორგანიზატორების განმარტებით, აქციის მონაწილეები ტროტუარზე დაყენებულ ავტომობილის მძღოლებს სტიკერებს დაუტოვენებ წარწერებით - "აქ არ გააჩერო! ტროტუარი ქვეითისაა!!"

"აქციის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ მძღოლებს, რომ ტროტუარი ქვეითისაა და მოვუწოდოთ მათ, არ დაიკავონ ქვეითის კუთვნილი ტერიტორია.

ასევე მოვუწოდოთ საპატრულო პოლიციას, აღასრულოს კანონმდებლობა და მოახდინოს ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისგან ქვეითების სივრცის გათავისუფლება და საჭიროების შემთხვევაში მათი დაჯარიმება", - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ქვეითების უსაფრთხოების პროექტი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.