თებერვალში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები გაიზარდა

წინა თვესთან შედარებით, თებერვალში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.6%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობას ეხება.

სებ-ის ინფორმაციით, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 17 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

"თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით) და 25.5 მლრდ ლარი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.