არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მარტისათვის 14.6 მლრდ ლარს გადააჭარბა

საბანკო სექტორში განთავსებულმა არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მარტისათვის 14.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი მარტისათვის 14.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 73.8 მლნ ლარით ანუ 0.5 პროცენტით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 35.5 მლნ ლარით ანუ 0.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 38.3 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით)", - ნათქვამია განცხადებაში.

სებ-ის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 28.21 პროცენტი შეადგინა, რაც პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით 0.45 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.41 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.9 პროცენტი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა.