თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული გაიზარდა

თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 27.4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 50.2 მლნ ლარით გაიზარდა , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 22.8 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და 2016 წლის პირველი მარტისათვის 16.2 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 27.4 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 50.2 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.3 პროცენტი შეადგინა).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.6 მლრდ ლარის (7.8 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 7.5 პროცენტით მეტი)", - ნათქვამია განცხადებაში.

სებ-ის ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლის განმავლობაში 0.4 პროცენტით, ანუ 35.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 8.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

"მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.01 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით შემცირდა", - ნათქვამია განცხადებაში.