ყველში აღმოჩენილი ქვის გამო სუპერმარკეტი დააჯარიმეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, გამყიდველმა ყველში ქვა აღმოაჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცნობით, სააგენტოს სპეციალისტ-ინსპექტორებმა ფაქტის შესწავლის და რეაგირების მიზნით შეამოწმეს აღნიშნული სუპერმარკეტი და მიკვლევადობის პროცედურების დარღვევის გამო ინდმეწარმე "ზურაბ კალაჯიშვილი" სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტომ უკვე დაადგინა ყველის მომწოდებელი და განაგრძობს დეტალურ შემოწმებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დარეკოს ცხელ ხაზზე: 247 01 01.