თბილისში მრავალსართულიანი პარკირებები მოეწყობა

თბილისის მერია ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს.

დავით ნარმანიამ თბილისში მანქანებით გადატვირთულ ტროტუარებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ თვალსაზრისით სიტუაცია შეისწავლეს და კომპანია "სითი პარკს" 500-ზე მეტი ადგილი ჩამოართვეს, სადაც წინა ხელისუფლების პირობებში პარკირებასთან დაკავშირებით თანხმობა იყო მიცემული.

თბილისის მერის თქმით, პარკირება ეტაპობრივად ამჟამად არსებულ 1500-მდე ადგილზე გაუქმდება.

"ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ამ ადგილებზე პარკირება ეტაპობრივად გაუქმდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დისკომფორტია ავტომობილის მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ დედაქალაქში საპირისპირო ღონისძიებაც დავიწყეთ. მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში უკვე მზად იქნება. მერიას ჩაბარდება და ამაზე დაყრდნობით საინვესტიციო პროექტებს მოვამზადებთ და გამოვაცხადებთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს", - განაცხადა ნარმანიამ.