სურსათის სააგენტომ სხვადასხვა დარღვევაზე ბიზნესოპერატორები დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა დარღვევებზე ბიზნესოპერატორები დააჯარიმა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სურსათის სარეალიზაციო ობიექტ "ქალაქის გულში" თბილისის სამმართველოს მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამო 2 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, მათ შორის ერთ-ერთს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ი.მ "ხათუნა კილაძის" მაღაზიაში, რომელიც რძის პროდუქტების, კერძოდ, ყველის რეალიზაციას ეწეოდა, სხვადასხვა არაკრიტიკულ შეუსაბამობებთან ერთად დაფიქსირდა სანიტარული პირობის დარღვევა. ყველის სარეალიზაციო დახლის რეცხვა-დეზინფიცირება სათანადოდ არ ხდებოდა, რის გამოც ბიზნესოპერატორს აღნიშნული დარღვევის გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა. ნახევარფაბრიკატებისა და თევზის რეალიზაციით დაკავებული ი.მ "ირმა ქარსელაძე" კი სურსათის მიკვლევადობის არქონის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, 200 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სარეალიზაციო ობიექტების სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში ყველში უცხო საგნის (ქვის) აღმოჩენის გამო დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება.