ქართული თაფლი, კივი, მოცვი და თხილი ევრობაზარზე

ევროპულ მაღაზიებში თქვენ უკვე შეხვდებით ქართულ თხილს, კივის, თაფლს, მოცვს... ახლა გვინდა, რომ თევზის მიმართულებაც გავხსნათ.

"შვედეთში შეგიძლიათ იყიდოთ ქართული მოცვი, რომელიც მაღალი ხარისხისაა, ასევე გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში შეხვდებით ქართულ კივის, რომელიც გამოირჩევა თავისი გემოვნური თვისებებით", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ევროკომისარმა სავაჭრო საკითხებში სესილია მალმსტრიომმა, რომელმაც 2013 წელს, მაშინ, როგორც ევროკომისარმა საშინაო საკითხებში, საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ჩამოიტანა, ახლა კი შვედი პოლიტიკოსი თბილისს სხვა მიზნით ეწვია.

"მთელი კვირა": 2013 წლის დასაწყისში თქვენ, როგორც მაშინ ევროკომისარმა საშინაო საქმეებში, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ჩამოიტანეთ საქართველოში. იმ პერიოდში ალბათ ბევრს არ სჯეროდა ამ პროექტის წარმატების, თუმცა მას შემდეგ 3 წელი გავიდა და დღეს ქვეყანა ძალიან ახლოს არის მიზანთან, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება შენგენის ზონის ქვეყნებში. როგორ შეაფასებთ იმ სამუშაოს, რაც საქართველომ გასწია ამ გზაზე და იქნებ კონკრეტულად უთხრათ ჩვენს ხალხს, როდის მოიხსნება საბოლოოდ სავიზრო ბარიერი?

სესილია მალმსტრიომი: უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მეტად ამბიციური ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც საქართველომ დაისახა მიზნად. წარმატებული შედეგის მისაღწევად თქვენმა ქვეყანამ დიდი სამუშაო გასწია, რათა დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო წამოყენებული.

საჭირო იყო ეფექტური რეფორმების გატარება სხვადასხვა სფეროში, რაც ერთობლივად მოახერხეს სამთავრობო სტრუქტურებმა და ქართველმა ხალხმა. საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით უკვე წარმატებულად იქნა შეფასებული და ახლა ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების მხრიდან. არ მინდა წინასწარ გარკვეული მოლოდინი შევქმნა და კონკრეტული თარიღი დავასახელო... წინ კიდევ გარკვეული პროცედურები გველის და იმედია, რომ დადებითი გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

"მ.კ.": შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ზაფხულიდან უვიზოდ იმოგზაურებენ ევროკავშირში?

ს.მ.: არ ვიცი, ამას მე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი გზა ევროკავშირმა უკვე გაიარა მოლდოვასთან მიმართებაში და ეს პროექტი მეტად წარმატებული გამოდგა - დღეს მოლდოვას მოქალაქეები უვიზოდ, ყოველგვარი ბარიერების გარეშე მოგზაურობენ ევროპაში და ეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის. უვიზო მიმოსვლის სიკეთეები სწორედ მათზეა გათვლილი და არა, ვთქვათ, პოლიტიკოსებზე.

"მ.კ." ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ რა იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯი, ან მიზანი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. აქვს თუ არა ჩვენს ქვეყანას პერსპექტივა, განაცხადი გააკეთოს წევრობაზე?

ს.მ.: იმისათვის, რომ ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს, საამისოდ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და ახალი, ხარისხის მაღალი სტანდარტები დააწესოს სხვადასხვა სფეროში, მოახდინოს მოდერნიზაცია და განახორციელოს ცვლილებები საკანონმდებლო დონეზეც.

ამ ყველაფრის საბოლოო მიზანია უკეთესი ინსტიტუციების შექმნა, რაც საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, მაღალი დონის სერვისები მიიღონ ყველა მიმართულებით და ცხოვრების დონე გაიუმჯობესონ.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გაფართოება ამ ეტაპზე არ არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, თუმცა საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ განაცხადი გააკეთოს წევრობაზე, როგორც ეს ბოსნიამ გააკეთა.

"მ.კ.": როგორც ევროკომისარს სავაჭრო საკითხებში, მინდა გკითხოთ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ საიმისოდ, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ჩვენმა მოქალაქეებმა კონკრეტული სიკეთე მიიღონ ამისგან?

ს.მ.: საქართველოში სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი, რომ თქვენს მთავრობასთან ერთად შევქმნათ ქმედითი მექანიზმები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების კიდევ უფრო ეფექტურად ასამოქმედებლად.

იმისათვის, რომ გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპაში, საამისოდ უნდა დავაწესოთ ახალი სტანდარტები, რომელიც დაეხმარება ქართულ პროდუქციას საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაში და, შესაბამისად, საშუალებას მისცემს ექსპორტის ზრდას ევრობაზარზე.

ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვები პროდუქტების უსაფრთხოების თემას - ეს მნიშვნელოვანია არამარტო საიმისოდ, რომ ევროკავშირის სტანდარტები დაკმაყოფილდეს, არამედ საიმისოდაც, რომ ქართველმა ხალხმა უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი საკვები მიიღოს.

"მ.კ.": კონკრეტულად რომელ ქართულ პროდუქტზეა მოთხოვნილება ევროპულ ბაზარზე და რა რჩევას მისცემდით იმ ქართველ ფერმერებს, რომელთაც სურთ, თავიანთი პროდუქტი გაყიდონ ევროპაში?

ს.მ.: ევროპულ მაღაზიებში თქვენ უკვე შეხვდებით ქართულ თხილს, კივის, თაფლს, მოცვს... ახლა გვინდა, რომ თევზის მიმართულებაც გავხსნათ. მაგალითად, შვედეთში შეგიძლიათ იყიდოთ ქართული მოცვი, რომელიც მაღალი ხარისხისაა, ასევე გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში შეხვდებით ქართულ კივის, რომელიც გამოირჩევა თავისი გემოვნური თვისებებით.

საქართველოში არის შესაბამისი კლიმატური პირობები, რომ მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეიქმნას. საამისოდ ფერმერებმა და მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა მათმა პროდუქციამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს და, შესაბამისად, გაეხსნას გზა ევროპულ ბაზარზე.

"მ.კ.": ვიცი, რომ მეტად დაკავებული ბრძანდებით და დროში შეზღუდულები ვართ, ამიტომ ბოლო კითხვას დაგისვამთ. საქართველოში ხშირად კამათობენ ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. როგორ ფიქრობთ, რატომაა ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირთან დაახლოება მნიშვნელოვანი და პირიქით, რატომაა დაინტერესებული ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციით?

ს.მ.: უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევანის საკითხი - ეს თქვენი გადასაწყვეტია, საქართველომ აირჩია ევროპული გზა და ევროკავშირიც ამის შესაბამისად ეხმარება თქვენს ქვეყანას, რომ ეს გზა იყოს წარმატებული და ქართველმა ხალხმა მაქსიმალური სიკეთეები მიიღოს ამისგან. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას - საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი მეზობელია (არ ვგულისხმობ პირდაპირ საზღვარს) და დაინტერესებულნი ვართ, რომ აქ იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა, რომლის გავრცელებასაც თქვენი ქვეყანა მთელ რეგიონზე შეძლებს.

აკაკი გვიმრაძე

გაზეთი "რეზონანსი"