კონკურენციის ცენტრი: „დაცვის პოლიციის საქმიანობა კონკურენციის პრინციპებს ეწინააღმდეგება“

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონკურენციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ ქუჩულორიას განცხადებით, არსებული კანონმდებლობით, კერძო დაცვის მომსახურების ბაზარზე შეინიშნება არაკონკურენტული გარემოს არსებობა. კონკრეტულად, კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც გააჩნია კერძო დაცვითი კომპანიებისთვის ლიცენზიის გაცემის, შემოწმების და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია და ამავდროულად სახელშეკრულებო საფუძველზე ანალოგიური სერვისის განხორციელების უფლებამოსილება. დაცვის პოლიციის დეპარტამენტს კერძო დაცვითი კომპანიების მსგავსად შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება და დაიცვას მესაკუთრის ქონება და კანონიერი ინტერესები მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაცვის მომსახურების ბაზარზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის კერძო დაცვითი კომპანიების კონკურენტი და არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. ამ პირობებში არ არის გამორიცხული დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება (კერძო დაცვითი კომპანიების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციები, მათი კონტროლის და დაჯარიმების შესაძლებლობა) გამოიყენოს კონკურენტების საზიანოდ.

bpnარასამთავრობო ორგანიზაცია „კონკურენციის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული დებულება ეწინააღმდეგება კონკურენციის პრინციპებს და კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში არათანაბარ პირობებში აყენებს კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო პრაქტიკას და გაეროს რეკომენდაციებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება - ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას - გულისხმობს არამარტო მეწარმეთათვის თავისუფლების მინიჭებას, არამედ სახელმწიფოს მიერ ისეთი ნორმატიული გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის.

აღნიშნულ საკითხზე ასევე იმსჯელა კონკურენციის სააგენტომ და საქართველოს მთავრობას წარუდგინა შესაბამისი რეკომენდაცია კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით. მარიამ ქუჩულორიას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს არსებული მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი ზომები დაცვის პოლიციის ბაზარზე კონკურენციის გაჯანსაღებისთვის.