ქართული რძის გამოწვევები - "შემოდგომასა და ზამთარში რძის დეფიციტია"

საქართველოში რძე და რძის პროდუქტებიც საკმაოდ ძვირი ღირს. თავად რძის რაოდენობა და ხარისხი კი არადამაკმაყოფილებელია. ამას გარდა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კატერინა პობერეჟნამ "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" საუბრისას დაადასტურა, რომ ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება და საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია.

ALLNEWS.GE დაინტერესდა, რა პრობლემები არსებობს საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძის წარმოების კუთხით და რა პერსპექტივები აქვს ქართულ რძეს.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნინო ზამბახიძის თქმით, ამჟამად, ქართული მერძევეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ამ სფეროში არსებული პრობლემები მრავალფეროვანი და კომპლექსურია.

დაბალპროდუქტიული პირუტყვი, საერთაშორისო სტანდარტების დიდი ფერმების არარსებობა, საძოვრის პრობლემა, განათლების დეფიციტი - ეს არის არსებული პრობლემები, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, ნინო ზამბახიძის აზრით, ქართული რძის პერსპექტივები გაიზრდება.

"ჩვენ გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით გვაქვს ჭარბრძიანობა, შემოდგომასა და ზამთარში კი, ფაქტობრივად, რძის დეფიციტი ჩნდება. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც ქართული რძის განვითარებას და რძის პროდუქტების წარმოებას ხელს უშლის. სეზონზე არსებული რაოდენობის რძის ათვისება ძალიან რთული ხდება, ბიზნესოპერატორებისა და ფერმერისთვის, შემდეგ კი, შემოდგომასა და ზამთარში რძე არ გვაქვს", - ამბობს ნინო ზამბახიძე და დასძენს, რომ მაღალპროდუქტიული პირუტყვი, რომელიც 25-30 ლიტრს იწველება, საქართველოში ცოტაა. მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ ათამდე ფერმაა, სადაც ასეთი პირუტყვია.

"დღეს ისიც პრობლემაა, რომ დანაწევრებული მიწის ფართობებია და მეცხოველეობას თუ განავითარებ, საჭიროა მასივები, სადაც იქნება პირუტყვის საკვები წარმოებისთვის ხელშეწყობა. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ერთ ძროხას ერთი ჰექტარი მიწა სჭირდება (საძოვარი). ჩვენთან საძოვრის პრობლემაა, დაბალია ჰექტრული მოსავალი, ჩვენ გვჭირდება სიმინდი, ქერი და სხვადასხვა საკვები იმისთვის, რომ კარგი ხარისხის რძე მივიღოთ და პროდუქტიულობაც გავზარდოთ. მეცხოველეობას ისე ვერ განავითარებ, თუ არ განავითარე ერთწლიანი კულტურები ქვეყანაში, იგივე იონჯა იქნება ეს, თუ სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ. ასევე განათლების დეფიციტია - ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვუაროთ პირუტყვს. მოშლილი გვაქვს ქვეყანაში ვეტერინარია, არ არსებობენ მაღალკვალიფიციური კადრები, ქვეყანაში დაახლოებით 3 900 სოფელია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა და წარმოიდგინეთ, დაახლოებით მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძლება 200 ვეტერინარი ვერ ნახოთ. ეს ყველაფერი მერძევეობის განვითარებას ხელს უშლის", - ამბობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

განაგრძეთ კითხვა