ზურაბ ჭიაბერაშვილი – რა მოუვა საყოველთაო ჯანდაცვას ოქტომბრის შემდეგ, სერგეენკოს აღარც აინტერესებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, წელსაც ისევე, როგორც 2015 წელს - ჯანდაცვის პროგრამას მინიმუმ 75-80 მლნ ლარის დამატება დასჭირდება.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილი პრობლემა კი აღიარა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების გეგმის შემუშავება-განხორციელება არ შეუძლია.

"დაგეგმილი 570 მლნ ლარიდან პირველი კვარტლის 162 მლნ ლარის ხარჯი აჩვენებს, რომ თუ ხარჯვა ამ სისტემით და ამ ტემპით მიმდინარეობს, მაშინ დარჩენილ 3 კვარტალში საჭიროა 162 x 3 = 486 მლნ ლარი. პროგრამისთვის კი 570 - 162 = 408 მლნ ლარია დარჩენილი. სხვაობა 486-408=78 მლნ ლარი სწორედ ის დეფიციტია, რაც პროგრამას დამატებით დასჭირდება.

დავით სერგეენკო თავს იმით გაიმართლებს, რომ პირველი სამი თვის ხარჯვა ასეც იყო გათვლილი - 162 მლნ ლარზე. ჯერ ერთი, ეს პასუხი ავლენს, რომ პირველ კვარტალში ბიუჯეტის ხარჯვის მეტობით დაგეგმვა მას იმისთვის დასჭირდა, რომ წინა წლის 60-70 მლნ-იანი დავალიანება გაესტუმრებინა. მეორე და მთავარი პასუხი ისაა, რომ ჯანდაცვის მინისტრს არ გადაუდგამს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი, რაც იმის ვარაუდის საფუძველს მისცემდა, რომ მომდევნო თვეებში ხარჯვა უდეფიციტო იყოს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტის ზომა მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს - ანუ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ყველაფერს ამ პერსპექტივით უყურებს: აღარ აინტერესებს, მერე რა იქნება", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.