რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნამდვილი პროდუქტები" ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნამდვილი პროდუქტების" მფლობელი კონსტანტინე შარვაშიძე მისთვის წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

როგორც კონსტანტინე შარვაშიძის ძმის, თეიმურაზ შარვაშიძის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, საგამოძიებო ორგანო ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებს და რძის პროდუქტების კოპანიისთვის წაყენებული ბრალდებებიც სწორედ ამას უკავშირდება.

"დაიწყო შემოტევა ჩემს ძმაზე, კონსტანტინე შარვაშიძეზე. რამდენიმე დღის წინ ფინანსურმა პოლიციამ "შეამოწმა" შპს "ნამდვილი პროდუქტები" და ბრალი წაუყენა მას, ვითომ ფალსიფიკაციის აბსურდულ საქმეზე - "კარაქში სპრედი გაურიესო". თვითონაც ვერ გარკვეულან, რას ედავებიან, მაგრამ უნდათ პრობლემებში გაგვხვიონ", - ნათქვამია განცხადებაში.

თემურაზ და კონსტანტინე შარვაშიძეები პრემიერ-მინისტრს და ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, შარვაშიძეები საქართველოში რამდენიმე ბიზნესს ფლობენ, მათ შორის, შპს "ნამდვილი პროდუქტები", შპს "ივერია აგრო", შპს "ბიისი-2 ს", შპს "გეგი", ს/ს "ივერია 21".

ბიზნესმენები მათზე ზეწოლის განხორციელებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და მის ხელმძღვანელს, გიორგი ბადაშვილს უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ბადაშვილის პროკურორობის დროს მათი ოჯახის წევრები დაკითხვაზე დაჰყავდათ და სრულ ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდათ.

"რამდენიმე წელიწადია ჩემი და ჩემი ძმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მიითვისა თავდაცვის სამინისტრომ, ვერ ვახერხებთ კერძო საკუთრების განკარგვას, ვიღებთ ძალიან დიდ მატერიალურ ზარალს. რამდენიმე წელიწადია გრძელდება სასამართლო დავა. არც კომპენსაციას გვიხდიან, არც მიწის მონაცვლეობას გვიკეთებენ. რამდენიმე წელიწადია აბუჩად აგდების მეთოდებით ხდება ჩვენთან ურთიერთობა და უფრო მეტიც, წამოწყებულია ფარული პროცესი ჩვენი ოჯახების წინააღმდეგ ირიბი მეთოდებით ისეთი სახელმწიფო უწყებებით, როგორიცაა პროკურატურა და ფინანსური პოლიცია.

მოგახსენებთ კიდევ ერთ საქმეზე - ჩვენს საკუთრებაში არსებულმა კომპანია "ივერია მორსმა" გამართა 100 მილიონიანი პარკინგების სისტემების პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქში და წლის ბოლომდე ვაპირებდით პროექტის განხორციელებას, რასაც მოჰყვა დიდი უკმაყოფილება ხელისუფლებაში მოკალათებული პირების მიერ და დღეს განხორციელებული შეტევა არის ზუსტად კავშირში", - ნათქვამია მიმართვაში.

ბიზნესმენები აგვისტოში, დიდუბეში გაჩენილ ხანძარსაც იხსენებენ და აცხადებენ, რომ 2015 წლის 4 აგვისტოს, დიდუბეში ს/ს "ივერია- XXI"-ის კუთვნილ საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი გაურკვეველი მიზეზების გამო გაჩნდა. ბიზნესმენები მომხდარს გაფრთხილებად აღიქვამენ.

"მიუხედავად იმისა, რომ გაგვინადგურდა ქონება, 4 აგვისტოს შემდეგ იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ხანძრის ნარჩენებისგან გავათავისუფლოთ ტერიტორია და დავიწყოთ მშენებლობა. ახლაც განვიცდით ზარალს. ამ მიზნით მივმართეთ პროკურორს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია და ამ მხრივაც სიტუაცია გაურკვეველია.

რადგანაც ხანძარი გაჩნდა, ს/ს "ივერია 21" ის საწყობიდან, ამიტომ დაზარალებული კომპანიების სახელით მივმართავდით სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოეკვლიათ სინამდვილე და მიგვეღო კომპენსაცია. ამის შემდეგ დაიწყო აქტიური შემოტევა პროკურატურის მხრიდან ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებსა და ჩემს ძმაზე - კონსტანტინე შარვაშიძეზე...

უმორჩილესად გთხოვთ, დროულად აღმოგვიჩინოთ დახმარება და დაგვიცვათ სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებული კრიმინალი თანამდებობის პირებისგან, რადგან არ ვიცით კიდევ რას აპირებენ.

ასევე გთხოვთ ამ საკითხის განხილვა არ დაევალოს ისევ იმ პირებს, რომლებიც ჩვენი დიდი ეჭვით, ამ საქმის მონაწილეები არიან. დღეს დილიდან ჩვენი ერთ-ერთი კომპანია და კონსტანტინე შარვაშიძე მოექცა ფინანსური პოლიციის ზეწოლის ქვეშ, რაც გამოიხატება მედიაში გასული სიუჟეტით, თითქოსდა ჩვენ ვახდენთ რძის პროდუქტების ფალსიფიკაციას.

ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია, რითაც საქართველოს უზენაესი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია იქნა ფეხქვეშ გათელილი. მოვითხოვთ, სასაწრაფოდ მოხდეს მოცემულ საქმეზე რეაგირება და დამნაშავე პირების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც თეიმურაზ შარვაშიძე და მისი ადვოკატი, გიორგი ქიშმარია ავრცელებენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში რამდენიმე რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები მისცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, პასუხისგებაში მისცეს რძის პროდუქტების მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების - შპს "ნამდვილი პროდუქტების", შპს "ამირანი XXI"-ს და შპს "ჯი ეს ენ"-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თევდორე გარიშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ბერაია, სერგო ჩარგეიშვილი და ავთანდილ გაგუა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, ქალაქ რუსთავში მოემარაგებინათ საბავშვო ბაგა-ბაღები რძის ნაწარმით. ბრალდებულები, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, იაფფასიანი მინარევების გამოყენებით აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ კარაქს და უწევდნენ რეალიზაციას საბავშვო ბაგა-ბაღებში. გარდა ამისა, სხვადასხვა სპრედების ერთმანეთში გადარევის გზით, ბრალდებულები იღებდნენ უხარისხო პროდუქციას, აფასოებდნენ როგორც ნამდვილ ნაღებ კარაქს და ამარაგებდნენ რუსთავის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, არაერთი საბავშვო ბაღიდან და ხსენებული საწარმოებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და კარაქში ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რძის ცხიმის შემცველობა აღმოჩნდა მცირე და იგი ნაწარმოები იყო სხვა იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან.

საქმეზე მიმდიანარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 დან 3 წლამდე.