„როსპატენტმა“ 6 დასახელების ქართული ღვინის რეგისტრაცია დაასრულა

„მსგავსი ღონისძიებები ქართული ღვინის პრესტიჟს უფრო მეტად დაიცავს“

„როსპატენტმა“ რუსეთში 6 დასახელების ქართული ღვინის რეგისტრაცია უკვე დაასრულა: „ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“ - ეს ის ცნობილი ბრენდებია, რომელთა დასახელებას რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ვეღარ გამოიყენებენ. ამის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ იუწყება.

„საქპატენტმა“ ამ ღვინოებზე განაცხადი „როსპატენტში“ 2013 წლის ივნისში შეიტანა და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, რუსულმა მხარემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ: რუსეთში საკმაო რაოდენობით ქართული ღვინო იყიდება, თუნდაც 2015 წელს ექსპორტზე 36, 7 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა და აქედან 18,3 მილიონი ანუ 50%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ანდრო ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად დაიცავს ქართული ღვინის პრესტიჟს რუსულ ბაზარზე:

ანდრო ასლანიშვილი - ვფიქრობ, რომ ეს დადებითი მოვლენაა, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო „საქპატენტის“ ხელმძღვანელობას გაწეული საქმიანობისთვის. ექვსი ადგილწარმოშობის ღვინო დარეგისტრირდა რუსულ ბაზარზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია როგორც სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან უკვე არავის აქვს უფლება ეს ბრენდები რუსეთის ტერიტორიაზე დაარეგისტრიროს.

ანდრო ასლანიშვილის თქმით, ეს იქნება პრევენცია, რომ ვეღარ მოხერხდეს ქართული დასახელებების მითვისება და თუ რუსეთის რომელიმე სუპერმარკეტში გაყალბებული პროდუქცია მაინც აღმოჩნდება, ქართული ღვინის პრესტიჟს უკვე სამართლებრივი ნორმებით დავიცავთ: „ჩვენ მსგავს პრობლემებს ყოველთვის ვაწყდებოდით. გამორიცხული არ არის, რომ ფალსიფიკაცია მომავალშიც მოხდეს, მაგრამ ეს იქნება დამცავი მექანიზმი, რომ ქართული ბრენდები ვერავინ გააყალბოს. მით უმეტეს, რუსეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანაა ჩვენთვის ყაზახეთთან, უკრაინასთან, ჩინეთთან და პოლონეთთან ერთად“ - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ხათუნა ჩიგოგიძე