რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ფალსიფიცირებული კარაქის მომწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებას შეუწყვეტენ

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ფალსიფიცირებული კარაქის მომწოდებელ კომპანიას ხელშეკრულებას შეუწყვეტენ. ააიპ ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის გიორგი მაღლაფერიძის განცხადებით, ბაგა-ბაღების გაერთიანების 20-ვე ფილიალიდან 22 თებერვალს საგამოძიებო სამსახურმა კარაქი დალუქა და ამოიღო, სინჯები კი ლაბორატორიაში გადააგზავნეს, სადაც პროდუქტის ფალსიფიცირების ფაქტი უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა.

,,22 თებერვალს შემოსული იყო საგამოძიებო სამსახური, მათ შეგვატყობინეს, რომ ჰქონდათ გარკვეული ეჭვი კარაქთან დაკავშირებით, მოახდინეს მთლიანი პროდუქციის ამოღება, დალუქვა და ასევე აიღეს ნიმუშები, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე. ეს საკმარისი იყო ჩვენთვის, რომ შეგვეწყვიტა კარაქის მიღება-მოხმარება და ჩავანაცვლეთ სხვა სახის რძის პროდუქტითა და ხილფაფით. დღეს ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ გავუწყვიტოთ ხელშეკრულება ამ კომპანიას, ამ პროდუქტის გადაუდებელი შესყიდვა და პარალელურად ტენდერი ხელახლა გამოვაცხადოთ," - განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, პროდუქტი არც სუნით და არც გემოთი არანაირ ეჭვს არ იწვევდა.

,,პროდუქცია არც სუნით არც გემოთი ეჭვს არ იწვევდა, დოკუმენტაცია რაც იყო ხელშეკრულებით მოთხოვნილი და ეს იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით სერთიფიკატები და ანალიზის ოქმი, ყველაფერი სრულყოფილად ჰქონდა კომპანიას. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ერთ კომპანიასთან, ტენდერი მოგებული ჰქონდა კომპანია "ჯი-ეს-ენ-ს", ის არ არის მწარმოებელი, ის ყიდულობდა სხვა კომპანიისგან და გვაწვდიდა ჩვენ," - განაცხადა "რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში რამდენიმე რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები მისცა.