კიკეთის ეკლესიამ 50 ადგილობრივ ოჯახს მოსაშენებლად ხბოები უყიდა

კიკეთის ეკლესიამ 50 სხვადასხვა ჯიშის ხბო ადგილობრივ ოჯახებს გადასცა.

კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მათ სხვადასხვა სოფლებიდან 50 სხვადასხვა ჯიშის ხბო შეიძინეს და ხბოს მოშენების მსურველებს ხვალ კიკეთში, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცემენ.

"საქონელი დანომრილია და ვინმეს გული რომ არ დაწყდეს, კენჭისყრით შეხვდებათ ნომრის შესაბამისი საქონელი. მოსახლეობასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ საქონელს არ დაკლავენ და სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენებენ. გაამრავლებენ და რძის პროდუქტით ისარგებლებენ. კიკეთის მოსახლეობა ტრადიციულად მესაქონლეობას მისდევდა. სოფელი ამით ცხოვრობდა და იქ ადრე მეურნეობაც იყო. რაღაც პერიოდში სოფელში მოსახლეობაც შემცირდა და საქონელიც გაწყდა. დარჩენილი ნაწილი, ვისაც კიდევ ჰყავს საქონელი, გვინდა რომ გაძლიერდეს", - განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, ეკლესიამ კიკეთის მოსახლეობას გასულ წელს 33 ხბო გადასცა. კიკეთის ტაძარი ამ აქციების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.