სემეკში ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა "თვინინგი" იწყება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროგრამა იწყება.

როგორც სემეკში აცხადებენ, 1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს ელექტროენერგეტიკული სექტორის ფარგლებში, სემეკის შესაძლებლობების გაძლიერებას ხარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორგთან მიმართებით და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. მომდევნო 21 თვის განმავლობაში, სემეკის წარმომადგენლებთან ერთად პროექტზე იმუშავებენ ავსტრიის მარეგულირებელი უწყების (E-Control), ლიტვის ენერგეტიკული კონტროლისა და ფასების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (NCC) და გერმანიის მარეგულირებელი კომისიის BNetzA ექსპერტები.

თვინინგის პროექტის - "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება ხარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში" - გახსნის ცერემონია 30 მარტს, 09:30 საათზე "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება. ცერემონიას გახსნიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა, სემეკის წევრი გოჩა შონია, ავსტრიის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი დიტმარ პრეინსტოფერი. ცერემონიას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, ავსტრიის, ლიტვის, გერმანიის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები.