საქართველოში ბელორუსული ტრაქტორების ამწყობი საწარმო გაიხსნება

საქართველოში ბელორუსული ტრაქტორების ამწყობი კიდევ ერთი საწარმო გაიხსნება.

„მინსკის ტრაქტორის ქარხნის“ წარმომადგენლის ალექსანდრე კაზაკევიჩის განცხადებით, საწარმო საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება. მისივე თქმით, პროექტში ასევე მონაწილეობს კერძო კომპანია.

„მიმდინარე წელს საქართველოში 33-36 ცხენის ძალის სიმძლვრის ტრაქტორების ამწყობი საწარმოს გახსნას ვგეგმავთ. პროექტი დამამთავრებელ ფაზაშია. ჩვენი ვარაუდით, ქარხანა წლიურად 200-ზე მეტ ტრაქტორს გამოუშვებს“, - განაცხადა ალექსანდრე კაზაკევიჩმა.

მისივე თქმით, „მინსკის ტრაქტორის ქარხანა“ მიმდინარე წელს საქართველოში თავისი ტექნიკის მიწოდების გაზრდას გეგმავს.

„გასულ წელს ჩვენ საქართველოში 190 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა გავაგზავნეთ. თუმცა, ეს ძალიან ცოტაა ასეთი ბაზრისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე კაზაკევიჩმა.

სოფლის მეურნეობის ტექნიკის ამწყობი ბელორუსული საწარმო საქართველოში პირველად 2011 წელს ბათუმში გაიხსნა. საწარმო წელიწადში 40-მდე „ბელორუს 320“ ტიპის ტრაქტორს უშვებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე