მიხეილ მაჭავარიანი - მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი კიდევ ერთხელ მოატყუა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც განაცხადა, რომ "ესტონური მოდელის გათვალისწინებით მოგების გადასახადის რეფორმირებას 2016 წლის ივლისიდან განახორციელებდა. ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავრობა მოსახლეობას დაპირდა, რომ "ესტონური მოდელის" მიხედვით, მეწარმეებისთვის გაუქმდებოდა მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება, შეიცვლებოდა ძირითადი საშუალების იმპორტისას დამატებული ღირებულების გადასახადის ვადები; გადამხდელთა ნაწილს ჩამოეწერებოდა 2 მლრდ ლარამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხები. ზემოაღნიშნული პრინციპები დღემდე იმიტომ არ არის განხორციელებული, რომ: მთავრობამ არ ისურვა ბიუჯეტში საკუთარი ფუფუნებისთვის გათვალისწინებული თანხების 400 მლნ ლარით შემცირება მიმდინარე წელს და ამ თანხების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პენსიონერებისათვის გადაცემა;

არსებული სახით კანონპროექტის მიღება ბიზნესისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან იგი არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვადასხვა დარგს, ურთულებდა მათ საქმიანობას ყოველთვიურ დეკლარირებაზე გადასვლით", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მთავრობას, იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინა საკუთარი დაშვებული შეცდომები, პირიქით, ბიზნესს გადააბრალა ამ კანონპროექტის 2017 წლიდან ამოქმედება.

"ჩვენი აზრით, მთავრობის ეს შეთავაზება არ იყო ის, რასაც ბიზნესი მოელოდა, პირიქით, ის აუარესებდა ბიზნესმენების მდგომარეობას და სწორედ ამიტომ მოითხოვა ბიზნესმა ამ კანონპროექტის გადადება.

მთავრობა 2016 წლიდან აღარ ასრულებს კიდევ ერთ დანაპირებს ნახევარ მილიონამდე გაჭირვებული მოსახლეობისათვის, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს, აღარ უბრუნებს მათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით გადახდილ 125-131 მლნ ლარს, რაც ამ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს არსებული ინფლაციის, გაძვირებული საქონლის და გაუფასურებული ვალუტის ფონზე.

მთავრობამ საერთოდ დაივიწყა მათ მიერ საჯაროდ დაანონსებული ბიზნესის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება და დღემდე კანონპროექტის სახითაც არ შეუთავაზებია პარლამენტისათვის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შემსუბუქდებოდა სასჯელი ეკონომიკურ დანაშაულზე.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან მთავრობა ბიუჯეტს ავსებს მხოლოდ გაზრდილი საგადასახადო განაკვეთების ხარჯზე და 2017 წელსაც ამ მთავრობის პოპულისტური დანაპირებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ზოგიერთი გადასახადის განაკვეთების ზრდა", - განაცხადა დეპუტატმა.