აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი იზრდება

აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი 10%-ით იზრდება.

როგორც აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, მიმდინარე წლიდან მთავრობის მხრიდან აგროდაზღვევაში თანამონაწილეობა ვაზის შემთხვევაში 40%-დან 50%-მდე, ყველა სხვა დანარჩენი კულტურის შემთხვევაში კი 60%-დან 70%-მდე იზრდება.

,,ხელისუფლებამ წელს მიწის რეგისტრაციის წახალისების მიზნით, აგროდაზღვევაში ახალი მექანიზმიც აამუშავა. თუ ბენეფიციარი რეგისტრირებულ მიწას დააზღვევს, ის სახელმწიფოს მხრიდან დამატებით 10%-იან თანადაფინანსებას მიიღებს”, - აღნიშნავს მაღრაძე.

მისი თქმით, ძალაში რჩება შეზღუდვა მიწის ნაკვეთის ფართობთან დაკავშირებით, ანუ ბენეფიციარს შეუძლია მინიმუმ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისათვის მიიღოს სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. 30 ჰექტრამდე ფართობის დაზღვევაში თანამონაწილეობა მთავრობის მხრიდან მხოლოდ მარცვლეულის კულტურის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

ცვლილება შეეხო ზარალის ანაზღაურების პროცესსაც. კერძოდ, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ზარალის შესახებ სადაზღვევო კომპანიას სატელეფონო ზარით აცნობოს, რის შემდეგაც სადაზღვევო კომპანია დადგენილ ვადებში თავად ჩავა მასთან დოკუმენტაციის გასაფორმებლად. ,,ეს 30 დღის განმავლობაში მოხდება და გლეხს აღარ მოუწევს ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში სიარული”, - აღნიშნავს ლევან მაღრაძე.

ამ დროისთვის აგროდაზღვევის პროგრამაში 6 კომპანიაა ჩართული. როგორც აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, მოლაპარაკებები კიდევ ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს.

რაც შეეხება აგროდაზღვევის პროგრამის ბიუჯეტს, წელს პროექტისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ქრისტინე გამთენაძე