რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნამდვილი პროდუქტები" შელახული იმიჯის აღდგენას ითხოვს

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნამდვილი პროდუქტები" შელახული იმიჯის აღდგენას ითხოვს. კომპანია მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ შპს "ჯი ეს ენ"-ს კომპანიაში მიჰქონდა ცხიმი, ხოლო "ნამდვილი პროდუქტები" მას უბრალოდ ფუთავდა.

"მოგახსენებთ, რომ 2016 წლის 28 მარტს საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ფინანსური პოლიციის სამსახურმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია შპს ,,ნამდვილი პროდუქტების" წინააღმდეგ. კერძოდ, რუსთავის ბაღებში შედიოდა ფალსიფიცირებული რძის პროდუქტი - კარაქი, რომლის დაფასოება და მასში სხვადასხვა ცხიმების შერევა ხდებოდა ჩვენს წარმოებაში. ამ განცხადებამ შელახა როგორც კომპანიის იმიჯი ასევე მისი რეპუტაცია, როგორც მომწოდებელ ასევე ჩვენ მიერ ხელშეკრულებით გაფორმებულ სუბკონტრაქტორ კომპანიებთან.

აღნიშნული ინფორმაცია რეალობას მოკლებულია, ვინაიდან რუსთავის სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებათა სააგენტოს მიერ 2015 წლის დეკემბრის თვეში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს "ჯი ეს ენი", რომელთანაც არის დადებული ხელშეკრულება რძის პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

შპს ,,ჯი ეს ენ"-ი, როგორც ამ ტენდერში გამარჯვებული, მოვიდა ჩვენს კომპანიაში, რათა შეესყიდა 82%-იანი ნაღების კარაქი. ასეთი შესყიდვა მის მიერ იანვრის თვეში მართლაც მოხდა, რომლის სისწორეც დამტკიცებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. ამ შესყიდვისას პროდუქციასთან ერთად, როგორც წესია, გაცემულია მწარმოებელი ქვეყნის და ფირმის სერტიფიკატი, ჩვენს მიერ საქართველოს აკრედიტირებული ლაბორატორიაში (კერძოდ შპს ,,ეტალონი"). ჩვენ მიერ ჩაბარებული კარაქის ნიმუშის ლაბორატორიული დასკვნა, რომ რეალურად იგი არის ნაღების კარაქი და შპს ,,ნამდვილი პროდუქტების" შესაბამისობის დეკლარაცია, რაც უფლებას გვაძლევს ვაწარმოოთ სერიულად კარაქის დაფასოება.

ყველა ამ დოკუმენტის გამოყენებით შპს ,,ჯი ეს ენ"-მა როგორც ტენდერში მოგებულმა კომპანიამ, ზემოაღნიშნული ნაღების კარაქი შეიტანა ქ.რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. 2016 წლის იანვრის მიწურულს შპს "ჯი-ეს-ენი"-ის დირექტორმა სერგო ჩარგეიშვილმა მოგვმართა წინადადებით, რომ თვითონ შემოიტანდა თავის კარაქს, რომელსაც ჩვენი კომპანია მხოლოდ დაუფასოებდა.

ვინაიდან მის მიერ შემოთავაზებული კარაქის წარმომავლობა ჩვენთვის უცნობი იყო, ამიტომ ჩვენ შევუსრულეთ მხოლოდ მომსახურება - მისივე ცხიმი დავუფასოეთ ვერცხლისფერ ფოლგაში, ყოველგვარი ჩვენი კომპანიის ლოგოს და ეტიკეტის გარეშე. ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება დაფიქსირებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საგადასახადო ა/ფაქტურების სახით, სადაც შპს ჯი-ეს- ენი" ყოველ 1 კგ ცხიმის დაფასოებაზე იხდიდა 1 ლარს.

როგორც დასაწყისში მოგახსენეთ და როგორც რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სააგენტოს ხელმძღვანელმაც აღნიშნა, წლის დასაწყისში მიწოდებული პროდუქცია (კერძოდ კარაქი) აკმაყოფილებდა 2015 წლის რძისა და რძის პროდუქტების შესახებ მიღებულ რეგლამენტს, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ნორმები იყო მკაცრად დაცული. შემდეგ შპს "ჯი-ეს-ენ" -მა გაურკვეველი წარმომავლობის ცხიმი შეიტანა რუსთავის ბაღებში, რომელსაც თან დაურთო ჩვენს მიერ მისთვის ნაღების კარაქზე მიცემული სერთიფიკატი და ამავდროულად, ჩვენგან ფარულად, ბრიკეტებს დააკრა ეტიკეტი, სადაც მწარმოებლად მითითებული იყო შპს "ნამდვილი პროდუქტები".

აღნიშნულ ქმედება, საბუთების და ეტიკეტის გაყალბება ფინანასურ პოლიციაში თავად აღიარა შპს ჯი-ეს-ენის" დირექტორმა სერგო ჩარგეიშვილმა. ანუ მან განაცხადა, რომ ამ ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, შპს "ნამდვილი პროდუქტები" არაფერ შუაშია და ამას ახდენდა თავისი ნებით. ასევე ის, რომ შპს "ჯი-ეს-ენ"-ს ჩვენთან მოჰქონდა ცხიმი 5-კგ-ანი შეფუთვით, ვუფასოებდით 200 გრ ბრიკეტებში ეტიკეტის გარეშე, ეს შეუძლია დაამტკიცოს მისმა დისტრიბუტორმა ავთანდილ გაგუამაც, რომლის ავტომობილის გამოყენებითაც ხდებოდა ცხიმის ჯერ მოტანა ჩვენთან, შემდგომ მისი უკან წაღება 200 გრამიანი ბრიკეტების საშუალებით, რომლებიც ლაგდებოდა იმავე მუყაოს ყუთებში, რომლითაც მოდიოდა.

ამ რეალობიდან გამომდინარე, შპს "ნამდვილი პროდუქტები" დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შელახული იმიჯის აღდგენას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შპს "ნამდვილი პროდუქტების" დირექტორი თევდორე გარიშვილი და შპს "ნამდვილი პროდუქტების" ადვოკატი გიორგი ქიშმარია აწერენ.