ტერორისტული თავდასხმების შედეგად ევროპული ტურიზმი დაზარალდა

ბრიუსელში, 22 მარტს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო.

ინფორმაციას ამის შესახებ MarketWatch ავრცელებს.

კომპანია STR-ის წინასწარი მონაცემებით, ბელგიის დედაქალაქში გასულ კვირას მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ბრიუსელის სასტუმროების დაკავების კოეფიციენტი 25%-ით შემცირდა. თავდასხმებამდე კი სასტუმროების დაკავების მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა.

კომპანიის ცნობით, დაზარალდნენ ევროპის სხვა ქალაქებიც. გასული კვირის ხუთშაბათისთვის ლონდონში სასტუმროების დაკავების კოეფიციენტი 58%, პარიზში კი 67% იყო, დღეისთვის ლონდონის მაჩვენებელი 24,7%-ით, პარიზის კი 15,1%-ით შემცირდა.

დიდი ბრიტანეთის ტურისტული კომპანია „ტომას კუკის“ აღმასრულებლის პიტერ ფანკჰოზერის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულისთვის ჯავშნები 5%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ტერორისტული მუქარების გამო თურქეთში ტურიზმიდან შემოსავალი მეოთხედით შემცირდა, რამაც ქვეყნის ბიუჯეტი 8 მილიარდი დოლარით აზარალა.